ელექტრონული პირადობის მოწმობა ─ ახლა უკვე საქართველოშიც


მომავალი თვიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება. ძველი პირადობის გამოცვლა ნებაყოფლობითია.

რა განასხვავებს ახალ პირადობის მოწმობას ძველისგან? ძირითადად ის, რომ ორ ელექტრონულ მატარებელს შეიცავს – პირველზე პერსონალური მონაცემები და იმგვარი სერტიფიკატებია, რომლებიც პირის დისტანციაზე იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ასევე ელექტრონული ხელმოწერაც, რაც უკვე იდენტიფიცირებულ ადამიანს საშუალებას მისცემს, ასევე დისტანციიდან, სხვადასხვა დოკუმენტები  ელექტრონულად დაამოწმოს. მოწმობაზე მეორე ელექტრონული მატარებელი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისის შესათავაზებლადაა. მაგალითად, პირადობის მოწმობა შეიძლება სამგზავრო ბარათის, საშვის, მართვის მოწმობის და სხვა ფუნქციას ასრულებდეს. ამ მხრივ ბარათს შეზღუდვა არ ექნება – ასევე შეიძლება განათლების დამადასტურებელი მონაცემები, ავადმყოფობის ისტორია, სადაზღვევო პაკეტის შინაარსი და სხვა ინფორმაციაც მოთავსდეს. დატვირთული ინფორმაცია დაცული იქნება. მასზე წვდომა მხოლოდ იმ კოდების მეშვეობით შეიძლება, რომელსაც მფლობელს გადასცემენ.

ისინი, ვინც უკვე მომავალი თვიდან აიღებენ მოწმობებს, ამ ჩამოთვლილი სერვისებით ჯერ ვერ ისარგებლებენ – ეს საჯარო თუ კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლის სურვილზე, ტექნოლოგიურ მზაობასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მამუკა სამხარაძე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ამბობს, შეიძლება, ეს რესურსები თავიდან ძალიან ინტენსიურად არ გამოიყენონ. თუმცა ის ვარაუდობს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სისტემა კარგად ამუშავდება. სამხარაძის თქმით, სამოქალაქო რეესტრი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა უწყებებთან ბარათის მიბმაზე.

ის, რაც მოქალაქეებს ბარათის აღებისთანავე ექნებათ გარანტირებული, სამოქალაქო რეესტრის სერვისების სრული ელექტრონიზაციაა. სამხარაძე აცხადებს, რომ ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ამჟამად აქტიურად მუშაობენ, რათა ყველა შესაძლებელი სერვისი, მოქალაქეებს სახლიდან გასვლის გარეშე შესთავაზონ. ბარათისთვის სხვადასხვა ფუნქციის (სერტიფიკატის) დამატებას ტექნიკურად ისევ რეესტრი უზრუნველყოფს.

ელექტრონული მოწმობის ღირებულება 30 ლარი იქნება. პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის მას უფასოდ დაამზადებენ.
სამხარაძე ამბობს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები, საარჩევნო სიების კიდევ უფრო მოწესრიგებასაც შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სიების ფორმირებისას დამისამართებაა (რიგ შემთხვევაში, მისამართების არარსებობა), რის მოგვარებაზეც რეესტრი კარგა ხანია მუშაობს. ახალ მისამართზე მოქალაქის გადასვლა-რეგისტრირება პირადობის მოწმობის გამოცვლის საჭიროებას აჩენს. გადაწყდა, რომ ახალ მოწმობებში მისამართების გრაფა ამ ეტაპზე არ იქნება. მისამართები მონაცემთა ბაზაში განთავსდება. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქე თავად დაუკავშირდება რეესტრს და ბაზაშივე შეცვლის მას, რესურსების ხარჯვის გარეშე.

ბარათზე დატანილი არ იქნება ბიომეტრული მონაცემები, რაც მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, ოპოზიციის ერთ-ერთი შეთავაზება იყო. აქ ორი მიმართულება იყო – ერთი, სიების ბიომეტრული მონაცემებით შედგენა და მეორე, არჩევნების დღეს ამ მონაცემების გამოყენება. ეს უკანასკნელი ტექნიკური სირთულის გამო უარყვეს – იგულისხმება ყველა საარჩევნო უბნის ტექნიკური უზრუნველყოფა ბიომეტრული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდის გადასამოწმებლად. რაც შეეხება სიების შედგენას, მაშინ მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის გამოცვლა სავალდებულო უნდა გამხდარიყო. თავის მხრივ, მთავრობის განცხადებით, მათ პირადობების დამზადება და დაჩქარებული წესით გაცემა ძვირი, 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა.

რეესტრი ბიომეტრულ პასპორტებს უკვე გასული წლის აპრილიდან გასცემს. მას  ელექტრონული ჩიპი აქვს დამატებული. ჩიპზე ჩატვირთულია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ. ბიომეტრული პასპორტი დოკუმენტის ფალსიფიცირებას ფაქტობრივად გამორიცხავს. ის მფლობელს სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის უფრო მარტივად გადალახვის საშუალებას აძლევს.
საზღვარგარეთ წასასვლელად პასპორტის გამოცვლა მხოლოდ მათთვისაა სავალდებულო, ვისაც 2006 წლამდე გაცემული, ბორჯღალოს გამოსახულებიანი, პასპორტი აქვს. 2006 წლიდან გაცემული პასპორტი კი მხოლოდ მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ იქნება შესაცვლელი.

კომენტარები