ანა ტატიშვილი ოთხომცდამეოთხეა

ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ქართველი ქალი ჩოგბურთელი მსოფლიოს 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა. ლეილა მესხის შემდეგ ეს ანა ტატიშვილმა მოახერხა. 21 წლის ჩოგბურთელი წელს მართლაც მაღალ დონეზე თამაშობს. იასპარეზა როლან გაროს ძირითად ბადეში და უიმბლდონზე ერთი წრის გავლაც მოახერხა. რაც მთავარია, ამაზე არ შეჩერდა და იტალიაში კუენის 100 ათასიანი ტურნირი მოიგო. ასეთი რანგის შეჯიბრებაზე ტატიშვილს აქამდე არასოდეს გაუმარჯვია.

ამის შემდეგ უკვე რეიტინგების განახლების დროც დადგა, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა მსოფლიოს 118-ე ჩოგნის ელიტარულ ასეულში შესვლას. საბოლოოდ მან 34-საფეხურიანი ნახტომი შეასრულა და ახალ კვირას 84-ე ნომრის რანგში შეხვდა.

ახლა უკვე ივლისის საჩოგბურთო ბატალიები იწყება. შარშან ამ დროს ანა ტატიშვილმა კარგად ითამაშა და საერთო ჯამში 88 ქულა მოაგროვა. წელს პირველ რიგში რეიტინგში ადგილის შესანარჩუნებლად ეს ქულები აქვს დასაცავი. ამაზე მეტს თუ დააგროვებს, უკვე პლუსში წავა და კიდევ უფრო წინ წასვლის საშუალება მიეცემა.

იტალიიდან ანა შვედეთში გაემგზავრა, სადაც ბასტადის 220-ათასიან შეჯიბრებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მისი მეტოქე პირველ წრეში მერვე ნომრად განთესილი სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი იქნება.

კომენტარები