Apsny.ge: აბდალაძეს ცხინვალში დაკავების თარიღი ”შეეშალა”

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის  ბრალდებით დაპატიმრებულმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატგარეშე ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ აღიარებით ჩვენებაში  რუსეთის სპეცსამსაურების მიერ ცხინვალში მისი მოტაცებისა და გადაბირების თარიღი  არასწორად დაასახელა. ამის შესახებ apsny.ge აბდალაძის მეუღლეზე, ნესტან ნეიძეზე დაყრდნობით წერს. 

ნეიძის თქმით,  2002 წელს  გია აბადალაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ. აბდალაძის მეუღლემ თქვა, რომ რაც გიორგი აბდალაძეს  იცნობს, ის არ ყოფილა დაკავებული. „2002 წელს ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაზეთ ”ახალ ეპოქაში” და ამ პერიოდში ის დაკავებული არ ყოფილა,“ აღნიშნა ნეიძემ.

Apsny.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის არქივში გიორგი აბდალაძის ცხინვალის რეჟიმის მიერ გათავისუფლების შესახებ კადრები  2000 წლის მაისით არის დათარიღებული. გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აბდალაძე ცხინვალის ციხეში მისი ფიზიკური შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში აბდალაძე ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე მას 2002 წელს ცხინვალში იძულებით მოაწერინეს ხელი.

გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ტექსტური ვერსია: http://www.tabula.ge/article-4916.html

 

კომენტარები