ფოტოჟურნალისტების დაკავება მოსკოვშიც გააპროტესტეს

მოსკოვში საქართველოს  საელჩოს წინ რუსმა ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი ფოტოჟურნალისტების მხარდასაჭერად   საპროტესტო აქცია გამართეს.  Gazeta.ru-ს ინფორმაციით, აქციაზე 50-მდე ადამიანი შეიკრიბა.  “დემონსტრანტების ნაწილი აქციას იღებს, ნაწილი კი დგას ტრანსპარანტებით - „ჩვენ არ ვართ ჯაშუშები, ფოტოგრაფები ვართ!“ რამდენიმე წუთის შემდეგ აქციის მონაწილეები როლებს ცვლიან,” იუწყება gazeta.ru-ს კორესპონდენტი ადგილიდან.

რუსული მედიის ცნობით, აქცია სანქცირებულია მოსკოვის ცენტრალური  ოლქის ადმინისტრაციის მიერ. დემონსტრაციას ოთხი პოლიციელი აკვირდება. აქციის მონაწილეთა თქმით, მოსკოვში გამართული სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, ამჯერად პოლიციას მათ მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს და არც კონფლიქტი მომხდარა.

ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავება  ორშაბათს  უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან   მოძრაობა FEMEN-ის წევრებმაც გააპროტესტეს.  თეატრალიზებულ აქციაზე, სახელწოდებით „ფოტონადირობა“, FEMEN-ის  წევრი ქალბატონები, ტრადიციულად, წელსზემოთ შიშვლები გამოვიდნენ. მათ ხელში ბუტაფორული ფოტოაპარატები ეჭირათ.  აქციის დროს ინციდენტიც მოხდა. საქართველოს საელჩოდან  გამოვიდა საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც  აქციაზე მისულ ერთ-ერთ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მომხდარის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ  საელჩოს თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები