სტერეოტიპები

ვინ არღვევს სტერეოტიპებს?

ხათუნა ხუციშვილი
 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
მაშინ, როცა ბევრ ჩვენგანს არათუ გაოცების, არამედ შიშის შეგრძნებაც კი დაკარგული გვქონდა – 2008 წლის აგვისტოს გვულისხმობ – ალბათ არაერთს აკვირვებდა ახალგაზრდა, დახვეწილი, “ჩიტის წონა” ქალბატონი, ტელეეკრანით რომ პრეზიდენტზე ხშირად ჩნდებოდა. ის გვაწვდიდა უახლეს ცნობებს საბრძოლო მოქმედებებისა თუ სხვა აქტუალური მოვლენების თაობაზე, მაყურებელი კი იჯდა და სადღაც, გულის პატარა კუნჭულში ფიქრობდა: აბა, სად ეს გოგონა და...

საბჭოთა დროს ხშირად შეხვდებოდით სპეციალურ სტენდზე გაკრულ წარწერებს: “ვინ გვარცხვენს?”, “ვინ გვასახელა?”. თუ დღეს, სამთავრობო დერეფნებშიც გააკრავენ მსგავს აბრებს, ოღონდ ალტერნატიული კითხვით – “ვინ არღვევს სტერეოტიპებს?”, პასუხად, პირველ რიგში, მომღიმარი ეკა ზღულაძის დანახვის მოლოდინი გაჩნდება. ამით ყველა დანარჩენ, ზოგიერთისთვის დრომოჭმულ, მაგრამ ბევრისთვის მაინც აქტუალურ, კითხვას: აბა, სად გოგონა და კრიმინალთან ქვეყნის მასშტაბით ბრძოლა, აბა, სად გოგონა და ამხელა ორგანიზაციის მართვა, აბა, სად გოგონა და ომი? – პასუხი გაეცემა.
ჩვენ ეკას ისტორიას მოგითხრობთ. უფრო სწორად, მასთან ერთად მოგიყვებით. 
 
ბავშვობა
 
„მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, რუსულ ბაღში დავდიოდი, ბესიკის ქუჩაზე”, – ფიქრობდა, რომ ასეთი ლამაზი ადგილები სხვაგან არსად იქნებოდა, – „ვგიჟდებოდი სულხან-საბას ბაღზე”. 
სკოლა – 47-ე საშუალო. ჩიტაძის ქუჩაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ. ყოფილი ქალთა გიმნაზიის ულამაზესი შენობა – ოქროთი მოვარაყებული უზარმაზარი სარკეებით, პომპეზური კიბეებით, ეზოში – ლამაზი მუხის ხით.

„ყველაზე ნათლად, ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი – ნელი ბოსტაშვილი მაგონდება, საოცარი პიროვნება იყო” – ეკას ცხადად ახსოვს, თუ როგორ ამეცადინებდა 5-კაციან ჯგუფებში, ისე, რომ მის არც ერთ მოსწავლეს ინგლისურში დამატებით მომზადება არ დასჭირვებია. „სკოლის შენობა, სამწუხაროდ, ჩვენი სწავლის პერიოდშივე დაინგრა” – სიძველისგან და მოუვლელობისგან. ამის შემდეგ, არცთუ სასიამოვნო პროცესი დაიწყო – მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს. მათი სასკოლო ასაკი 90-იანების არეულ პერიოდს დაემთხვა. გაკვეთილებზე დადიოდნენ, მაგრამ ვერაფერს სწავლობდნენ. ამაზე ეკა ამბობს – „ხშირად განვიცდი იმ საბაზისო ცოდნის დეფიციტს, მაგალითად, ქიმიაში, ფიზიკასა თუ მათემატიკაში”. 
 
 
ამერიკა 
 
„ძალიან გამიმართლა” – 90-იანების დასაწყისში, ამერიკული პროგრამა Freedom Support Act-ი ამუშავდა. ის ყველაზე ახალგაზრდა მოსწავლე იყო, ვინც კონკურსი წარმატებით გაიარა. გაყინული და ჩაბნელებული თბილისის ფონზე, ამერიკულ სკოლაში ერთწლიანმა სტიპენდიამ მშვენიერი სტიმული მისცა. სახლში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდა – „ამიტომ კონკურსის გავლის უფლება მომცეს, როდესაც წარმატებას მივაღწიე, უარი ვეღარ მითხრეს”.  
 


ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
თავგადასავალი მოგზაურობის პირველი დღიდან დაიწყო. „დღესაც ვფიქრობ, რომ ადამიანად გზაში ჩამოვყალიბდი”. ოკლაჰომას შტატში გადაანაწილეს. გზაში რამდენიმე გადაჯდომა მოუხდა და ნიუ იორკში ჩაფრინდა. აქედან ჯგუფის წევრები განაწილების ადგილებზე უნდა გამგზავრებულიყვნენ – „დავრჩი მარტო”. ამას მოჰყვა – ჰიუსტონი-დალასი, დალასი-ოკლაჰომა სითი, ოკლაჰომა სითი-ლოტონი... პატარა ქალაქის აეროპორტში ბოლო გადაჯდომაღა რომ რჩებოდა, “აღმოჩნდა, რომ ჩემი რეისი მოიხსნა”. მგზავრობისგან გადაღლილს, შიშის განცდაც გაუქრა. უცებ იგრძნო – ჯერ კიდევ პატარაა, არც „ენა გაუტეხავს”, ირგვლივ კი უცხო ხალხი ტრიალებს. ერთი სიტყვით, უცნაურ ამერიკულ ფილმში ამოყო თავი. 

ეკას ამერიკა და ამერიკელებიც პირველად აქ შეუყვარდა – „განსაკუთრებით მახსოვს მომსახურე პერსონალის ყურადღება, ჩემი მდგომარეობა ყველამ გულთან ახლოს მიიტანა”. ბოლოს ადგილობრივი ფერმერი მოძებნეს, რომელსაც პატარა თვითმფრინავი ჰქონდა და კულტურების შესაწამლად იყენებდა. ის ცოლთან და შვილებთან ერთად მოვიდა, ამერიკის შუაგულში ჩარჩენილი “საბჭოთა” ბავშვის გადასარჩენად – “ოჯახური თვითმფრინავით გადამაფრინეს და ჩამაბარეს მომავალ ოჯახს”. 

ეკა და „მისი ოჯახი” პატარა ქალაქის განაპირას, რანჩოზე ცხოვრობდა. მასპინძლები – „ბებია და ბაბუად მოვიხსენიებ” – უკვე ასაკოვანი ხალხი იყო. მათი ზრდასრული შვილები სხვადასხვა ქალაქში გაფანტულიყვნენ. ანტილოპებისა და კამეჩების ფერმა ჰქონდათ. ეს გარემო ასფალტზე გაზრდილს, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ ეჩვენა. მანამდე თითო-ოროლა კამეჩს გადაწყდომოდა, ანტილოპა კი საერთოდ პირველად ნახა – ტანკებისგან განსხვავებით. ბებია და ბაბუა უაღრესად თბილი, სათნო, ამავდროულად ღრმად რელიგიური ხალხი იყო. შესაბამისად, მათთან თანაცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ერთი მხრივ, ანებივრებდნენ – შვილების მონატრება, რომლებსაც წელიწადში ერთხელ ნახულობდნენ, ეკაზე გადმოჰქონდათ. მეორე მხრივ, კონსერვატული მიდგომების გამო, არაერთი შეზღუდვა დაუწესეს. მაგალითად, MTV-სა და სერიალების ყურება აუკრძალეს.

„სკოლის მხრივ გამიმართლა” – ჟურნალისტიკის ექსპერიმენტულ კლასში მოხვდა. ამან მისი მომავალი პროფესია განსაზღვრა. ამერიკაში სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ბევრი პროგრამა მოქმედებს – ეკაც არასდროს იზარებდა შეჯიბრებებში მონაწილეობას. ერთ-ერთი კონკურსის მეშვეობით იმოგზაურა და სხვადასხვა თემაზე სტატიები მოამზადა. “მაგრამ პირველი ადგილი სხვას არგუნეს, მითხრეს, შენ მაინც ბრუნდებიო”. 
ძალიან დაწყდა გული – კონკურსში გამარჯვებული CNN-ის სტიპენდიანტი ხდებოდა და წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა ეხსნებოდა.

ეკას დაბრუნების შემდეგ, იმავე პროგრამით ამერიკაში მისი ძმა გაემგზავრა. 1993-94 წლებში, 16 წლის მოზარდი, მთაწმინდელი ბიჭისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 
 
უნივერსიტეტი
 
თბილისში დაბრუნების შემდეგ, საღამოს სკოლაში შევიდა. ჟურნალისტობა ვერაფრით გადაათქმევინეს. თანაც საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაშინ ახალი ხილი იყო. 
10-კაციანი ჯგუფი შედგა. ეროვნული საუნივერსიტეტო ჟარგონით რომ ვთქვათ – ყველა „მაღალი ქულით გასული”. ვისაც მაშინ უსწავლია, არ გაუკვირდება – ძალიან მალე გაუცრუვდათ იმედები. სწავლის მოტივაცია დაკარგეს, პროცესი ძალიან ტექნიკური, დამღლელი აღმოჩნდა – გადასაწერი მასალებით და საზეპიროებით. ნებისმიერი ნოვატორული ტექსტის დაწერის მცდელობას, წინ დიდი დაბრკოლებები ეღობებოდა. „ამიტომ მალევე ვიშოვე სამსახური. უნივერსიტეტში მხოლოდ საინტერესო ლექციებზე და გამოცდებზე დავდიოდი”.
 
საქმე
 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
ეკა იტალიურ ნავთობკომპანიაში თარჯიმნად მოეწყო. კომპანია საქართველოში ნავთობის პოტენციალს იკვლევდა. შემდეგ TACIS-ში – ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამაში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში საბაჟოს განვითარების პროექტში გადაინაცვლა. 1999 წელს კი მსოფლიო ბანკის საშუალო განათლების პროექტში დაიწყო მუშაობა – „ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამსახური იყო”. 
ძირითადად ეკლექტურ, საერთაშორისო წამოწყებებში ერთვებოდა. გულწრფელად ამბობს, რომ სადაც მეტს უხდიდნენ, იქ მიდიოდა. იხსენებს თავის უფროსს – ჯონ ჩენელს, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა TACIS-ში მუშაობისას. ოფისში ყველაზე ახალგაზრდას და თანაც ქალს, ყავის დასხმიდან დაწყებული, საბუთების მიტან-მოტანით დამთავრებული, ყველაფერს თხოვდნენ – „მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჩემი საქმე საკმაოდ შრომატევადი იყო”. ეკას უფროსმა დახარჯა დრო და მის პირველ გენდერულ თვითგამორკვევას შეუწყო ხელი. ამან დაანახა, რომ ნებისმიერი საქმე – „მაშინ სოფლის მეურნეობის პროექტზე ვმუშაობდით, რაც ნაკლებად მიზიდავდა” – შეიძლება საინტერესოდ გადაიქცეს, თუ საკუთარ გამოწვევას მონახავ. 

როგორც ეკა ამბობს, სპეციალისტი არც ერთ დარგში არ გამხდარა. თუმცა იმ 8 თუ 9 ადგილიდან, სადაც კი უმუშავია, დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღო – მარტივად გადაწყობის უნარი, საჭირო ინფორმაციის გამორჩევა, პრიორიტეტების დაწყობა, სწორი კითხვების დასმის ჩვევა...
 
შსს-ს  შემოთავაზება 
 
“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ზუსტად დღემდე არ ვიცი, თუ როგორ მოვხვდი სამინისტროში”, – გვეუბნება დამახასიათებელი ღიმილით.

რევოლუციის შემდეგ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში, ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. მის მოვალეობებში დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოსთან ურთიერთობა, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ პირთა შორის კონფლიქტური ურთიერთობების მოგვარება შედიოდა. 300-მილიონიანი პროექტი – არაერთი დაინტერესებული მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა, ბიზნესსექტორი... ამ პროცესში ჩართულმა ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ეკას მართვისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების კარგი უნარი გააჩნდა. 

„როგორც ირკვევა, რეკომენდაცია გამიწიეს ვანო მერაბიშვილთან”. 

დღე, როდესაც სამინისტროს კარი პირველად შეაღო, ცხადად ახსოვს. კვირას მობილურზე უცხო ნომრიდან დაურეკეს – იმავე დღეს, 5 საათზე ვანო მერაბიშვილს სურდა მასთან შეხვედრა. ეკამ იფიქრა, რომ მეგობარი ეხუმრებოდა – “თითქოს ხმაც მეცნობოდა და ტელეფონი გავთიშე”. მეორედ რომ დარეკეს, აღარც კი უპასუხა. ცოტა ხნის შემდეგ, უცნობმა საბუთიანმა კაცმა, კარზე დააკაკუნა – „შემოვიდა და გამიმეორა, რომ მინისტრს ჩემთან შეხვედრა უნდა”. მაშინ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ათასწლეულის გამოწვევის პროექტთან იყო დაკავშირებული. სხვა სცენარი ვერც კი წარმოედგინა.
„მინისტრი ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ბევრს ხუმრობდა” – ანეკდოტებს მოუყვა. მერე ძალიან მსუბუქად შეაპარა – „გილოცავ, შენ ჩემი ახალი მოადგილე ხარ”. ეკას მორიგი ხუმრობა ეგონა და გაიცინა. ელოდა, როდის გადავიდოდნენ საქმეზე, რისთვისაც, მისი აზრით, დაიბარეს. მაგრამ... 

„ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ ეს ხუმრობა არ იყო”. უამრავი კითხვა ამოუტივტივდა თავში – რატომ ის, რა დამსახურების მიხედვით, როგორ... 

ვარდების რევოლუციის გულშემატკივარი – კი, მაგრამ აქტიური მონაწილე არასდროს ყოფილა. არც ამ პროცესში მონაწილე ადამიანებს იცნობდა. თუმცა მას, როგორც ყველა მოქალაქეს, ქვეყნისა და მაშინ მიმდინარე რეფორმების ბედი, ბუნებრივია, აწუხებდა. 

„ხშირად ვფიქრობდი, მართალია თუ არა ესა თუ ის ჭორი, რა ხდება სინამდვილეში...” გადაწყვეტილების მიღებისას ბიძგი იმანაც მისცა, რომ ასე უფრო აქტიურად შეძლებდა პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანას. „მოსაფიქრებლად ერთი ღამე მომეცა” –  მინისტრმა გააფრთხილა, რომ თუ მაშინვე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, შემდეგ ალბათ ვეღარასდროს ჩამოყალიბდებოდა. ასეთ გრანდიოზულ პროექტში უშუალოდ ჩართვას ხშირად არ გთავაზობენ. არ მალავს, რომ მინისტრის წინადადება ესიამოვნა კიდეც.

შემოთავაზება, როგორც ყველგან, სამთვიან გამოსაცდელ ვადას გულისხმობდა. გადაწყვიტა, ამ ვადის განმავლობაში მასაც გამოეცადა სამინისტრო, თანაც გაეგო, რას შეძლებდა და რას ვერა.
 
ახალი სამსახური – შსს მინისტრის მოადგილე 
 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
პირველი შთაბეჭდილება, მოლოდინისგან ძალიან განსხვავდებოდა. სასიამოვნოდ გაოცდა, როდესაც ის ადამიანები გაიცნო, ვისთან ერთადაც უნდა ემუშავა. ისინი ძალიან ჰგავდნენ ეკას – ბიოგრაფიით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით. რაც მთავარია, „ყველა, ვისთანაც ურთიერთობა მომიწია, ბიუროკრატიული აზროვნებისგან შორს იდგა”. მოკლედ, საღად მოაზროვნე ადამიანებში მოხვდა.

რთული ადმინისტრაციული მოვალეობები – კადრები, შესყიდვები, ფინანსები, იურიდიული სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობები, ინტერპოლი, პოლიციის აკადემია, თანამშრომლების დაზღვევა. სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც ის იყო. „მაშინ ერთ-ერთი მოადგილე ვიყავი ხუთ მოადგილეს შორის – ორი წლის თავზე პირველი მოადგილე გავხდი”.

სამინისტრომ სასიამოვნოდ გააოცა ყველაზე გამართული მენეჯმენტით, რაც მანამდე ენახა. განსაკუთრებით მოულოდნელი ეს იმ ადამიანებისგან იყო, რომელთაც არც ორგანიზაციის და არც საკადრო რესურსების მართვაში, სპეციალური განათლება არ გააჩნდათ. ისინი პრობლემებს უჩვეულო გზებით ჭრიდნენ. ამის მაგალითად თათბირი მოჰყავს, რომელსაც ყოველთვის ესწრება ერთი კურატორი მინისტრის მოადგილე, ერთი სხვა მოადგილე, კურატორი დეპარტამენტის უფროსი, კონკრეტული სამმართველოს უფროსი, ვისაც ეს შეხვედრა ეხება და კიდევ რიგითი თანამშრომელი. ასევე ორი-სამი სპეციალისტი, რომელთა ფუნქციებში ეს საკითხი სრულებით არ შედის. 

„რიგითი თანამშრომლისთვის ასეთ დახურულ შეხვედრაში მონაწილეობა უდიდესი მოტივაციაა” – ამის მიღწევა ხელფასითა თუ პრემიით ნამდვილად შეუძლებელია. „ის ფაქტი, რომ მისი აზრი მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, ამ ადამიანს თვეების განმავლობაში მიჰყვება”. ეკას მტკიცებით, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს მნიშვნელოვნების განცდა უჩნდებათ, ხშირად ძალიან საინტერესო, ახალ იდეებს აწვდიან. ეს ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის კარგი შანსია, უფრო ახლოს გაიცნოს რიგითი თანამშრომელი. დისკუსია კი პრობლემის მოგვარებასა თუ გადაწყვეტილების მიღებას არსებითად აადვილებს. 
“ამას დრო და ენერგია მიაქვს, მაგრამ არასდროს არ უნდა დაიზარო”, – ამბობს ეკა. მისი აზრით, სამინისტროს ბევრი პროექტის წარმატება სწორედ ასეთმა მუშაობამ განაპირობა. და იქვე ერთ შემთხვევას იხსენებს – აგვისტოს ომი, ეკას მეხსიერებას, ერთ, უსასრულოდ გაწელილ დღედ შემორჩა – ძირითადად კანცელარიაში უხდებოდა ყოფნა, უშიშროების საბჭოსთან ერთად მუშაობდნენ, განცხადებებს იქიდან აკეთებდა. სამინისტროში თითქმის ვერ ახერხებდა მისვლას და როცა მიდიოდა, მაშინაც თანამშრომლების თანაგრძნობასა და  დამშვიდებას ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას, კაბინეტთან  თანამშრომლების რიგი დახვდა – სხვადასხვა საბუთებით ხელში. „ვიფიქრე, რომ ომთან დაკავშირებული მანევრების საბუთებია, იმ დროს საკვებს აგზავნიდნენ სხვადასხვა მიმართულებით” – ასეც იყო. თუმცა ერთმა მათგანმა წყობიდან გამოიყვანა – გაეროში წარსადგენი კვარტალური ანგარიში მიუტანა. „რა დროს ეს არის”, – უსაყვედურა, რაზეც თანამშრომლისგან პასუხად მიიღო, რომ ის თავის საქმეს აკეთებს, ადრე თუ გვიან ომი დამთავრდება – ეს ანგარიში კი გასაკეთებელი იქნება. ეკა მიხვდა, რომ “ბიჭი” სიმართლეს ამბობდა – „მაშინ გავაცნობიერე, რომ რეფორმამ გაამართლა და სახელმწიფო შედგა”. სწორედ ასეთი ხალხის მეშვეობით, საკუთარ საქმეს რომ აკეთებენ, ყოველგვარი ზედამხედველობის და ინსტრუქციების გარეშე, ქუჩების დასუფთავებამ, პატრულმა, ჯარიმების სახლში მიმტანმა კურიერებმა – „ამ ყველაფერმა შეგვახსენა, რომ უკვე იმაზე მეტი გვაქვს დასაკარგი, ვიდრე გვეგონა”.  

მუშაობის დაწყებისთანავე მიხვდა, რომ შს სამინისტროს არ ჰყავდა ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან ურთიერთობას აიღებდა თავის თავზე – საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდა ეს თუ ადგილობრივი. „ჩემი ერთ-ერთი ფუნქცია ეს გახდა”. ამავე დროს, გააცნობიერა, რომ ამ ადამიანებს ისეთივე ბუნებრივი კითხვები ებადებათ სამინისტროსთან დაკავშირებით, რაც იქ მუშაობის დაწყებამდე მასაც აწუხებდა. ეკას ყველაზე უკეთ შეეძლო, გარეთ მყოფი ადამიანებისთვის იმის ახსნა, თუ რას აკეთებდა სამინისტრო. ის გულწრფელი იყო – ღიად საუბრობდა უარყოფით თუ დადებით მხარეებზე. „ამაში მე მქონდა სრული თავისუფლება, ფუფუნებაც კი, შეიძლება ითქვას” – არასდროს მიუღია სამინისტროსგან თუ მთავრობისგან იმის შესახებ ინსტრუქცია, თუ რაზე და როგორ უნდა ელაპარაკა.
როცა საქმეს შეუდგა, სულ რამდენიმე პოლიციელმა იცოდა კომპიუტერთან მუშაობა. ეთიკის კოდექსის ცოდნაზე საუბარიც ზედმეტი იყო. დღეს კი ყველა მათგანი ძალიან რთული შიდა ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემით – უზარმაზარი ინტრანეტით – სარგებლობს.

ეკას სურს, ყველას ახსოვდეს – პოლიციელიც ჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენ ხშირად მოვითხოვთ, რომ ის სხვაზე მამაცი, ყველაზე მორალური, ყველა პედაგოგზე უკეთესი პედაგოგი, ინტელიგენტზე უფრო ინტელიგენტი იყოს. „როდესაც ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, ვხვდები – მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელისგან სუპერგმირობის მოლოდინი საზოგადოების მხრიდან უსამართლოა, ამავდროულად, დაკვეთა გვაიძულებს, კიდევ უფრო სწრაფად განვვითარდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტემპები, მართლაც რომ შესაშურია”.
 
ოჯახი
 
პირად ცხოვრებაში გაუმართლა. საკმაოდ ადრე, 20 წლის ასაკში დაქორწინდა. „ათი წელი ფანტასტიკურ ადამიანთან – გეგა ფალავანდიშვილთან გავატარე”. იმ პერიოდს სიყვარულით იხსენებს, მათ შეძლეს და არ დაკარგეს ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო – დღეს ძალიან ახლო მეგობრები არიან.   

მეორე ქორწინება... „მე და რაფაელი განსხვავებული ადამიანები ვართ: მე მყარად ვდგავარ მიწაზე, უფრო რეალისტი ვარ ბევრი მიზეზის გამო, რაფაელი კი ბუნებრივად ბედნიერია, კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს თავის ჩვეულ სიცოცხლის სიყვარულს და სილაღეს”.

ეს მათ ურთიერთობას აბალანსებს. როდესაც ზრდასრული ადამიანი ახერხებს და იდეალებს ინარჩუნებს – ის მუდმივი გატაცების წყაროა. რაფაელის შემთხვევაში მისი იდეალიზმი, სიხალასე, სილაღე, გულუბრყვილობაც კი – სრულიად გაცნობიერებულია – მას სურს, რომ სამყარო სწორედ ასეთი იხილოს.

ეკა და რაფაელი შვილის მოლოდინში არიან, სახელი შერჩეულია – ალექსანდრე გლუქსმანი ქვეყანას სექტემბრის დასაწყისში მოევლინება. 

* * *



ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
სასტუმრო მარიოტის კაფე პარნასში სათვალიანი ახალგაზრდა კაცის მაღალი და თხელი სილუეტი მზით განათებულ მაგიდებს შორის გადაადგილდება. სათვალეს გაჩეჩილ თმებზე იმაგრებს, ჩვენს მაგიდასთან ჯდება და ყავას უკვეთავს. „ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს”, – გვაფრთხილებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ამბავი თავისუფლების ძიებისა და იდეალების ერთგულების გასაოცარი თავგადასავალია – ღრმად განცდილი და კარგად გაცნობიერებული. ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო პროექტების სულისჩამდგმელი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, და დღეს – წარმომავლობის, ბედისა და იღბლის ძალით უკვე საქართველოში ჩასიძებული ქართველი. რამდენიმე ხნის წინ რაფაელ გლუქსმანმა ეკა ზღულაძეზე იქორწინა და საბოლოოდ დაუკავშირა საკუთარი ბიოგრაფია ამ ქვეყანას. საქართველოზე საუბრისას მრავლობით პირველ პირს – „ჩვენს” – იყენებს. ამით არაერთი მისი ფრანგი თანამოქალაქე გაუკვირვებია, თუმცა მას ეს სრულებით არ აოცებს და ისევე ბუნებრივად მიაჩნია, როგორც აქ მოთხრობილი თავგადასავალი, რომლის მთავარი გმირიც თავად შექმნა.
 
ოჯახი და წარმომავლობა
 
არაერთგვაროვანი და არაერთფეროვანია გლუქსმანების წარმომავლობა. რაფაელის მამა – ებრაული წარმოშობის გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე – ანდრე გლუქსმანია, მოლდოვური და ჩეხური ფესვებით. 

რაფაელის ბაბუა, დედის მხრიდან, ახლად შექმნილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი აგენტი იყო. ის 1920-იან წლებში პალესტინაში გააგზავნეს სიონისტურ ორგანიზაციაზე საჯაშუშოდ. იქ დაკვირვების ერთ-ერთი ობიექტი – სიონისტური ორგანიზაციის აქტივისტი ქალი გაიცნო, შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. 

წყვილმა ერთხანს იტალიას მიაშურა, სადაც რაფაელის ბაბუა სადაზვერვო საქმიანობას აგრძელებდა, მისი ფორმალური საქმიანობა კი მანდოლინაზე დაკვრა იყო. ამის შემდეგ ახალგაზრდა წყვილი ფაშისტურ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ეს მაშინ, როდესაც გერმანიაში უკვე ფაშიზმი მძვინვარებდა და ებრაელები იქიდან გამორბოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, რაფაელის ბაბუას გერმანიაში კარგი კონტაქტები ჰქონდა. აქ მან საბჭოთა ჯაშუშების ქსელი ჩამოაყალიბა და როგორც მოსალოდნელი იყო, ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე – მას შემდეგ, რაც გერმანიის ინტერვენციის შესახებ სტალინის ინფორმირება სცადა. საბჭოთა დიქტატორი იმდენად დარწმუნებული იყო მისი ალიანსის სიმყარეში ჰიტლერთან, რომ თავისი აგენტი ჰიტლერთან გასცა. რაფაელის ბაბუა მოკლეს. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაფაელის ბაბუამ ფეხმძიმე მეუღლე საფრანგეთში გაგზავნა, სადაც რაფაელის მამა დაიბადა. 


ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
რაფაელის ოჯახს, როგორც თვითონ ამბობს, არასდროს ჰქონია ეროვნული ან რელიგიური კუთვნილების გრძნობა, ამ მხრივ სრულიად თავისუფალ და აღრეულ გარემოცვაში გაიზარდა. „პოლიტიკური დომხალი” – ასე ახასიათებს  რაფაელი  გარემოს, რომელიც მისი ბავშვობის მოგონებების განუყრელი ნაწილი გახდა: „მახსოვს ავღანური დელეგაციები, ლათინური ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ან დისიდენტები აღმოსავლეთ ევროპიდან და რუსეთიდან, ჩარლზ ბუკოვსკიც იყო ჩვენთან, მახსოვს როგორ გაათენეს ღამე მენგისტუსთან დაპირისპირებულმა ეთიოპიელებმა (მენგისტუ ჰაილე მარიამი – ეთიოპიელი კომუნისტი ლიდერი 1974-87წწ.). ჩვენს ჭერქვეშ შეკრებილი, განსხვავებული ეროვნების ადამიანები ადვილად პოულობდნენ საერთო ენას, რადგან მოწოდება ყველას ერთი ჰქონდა, თითოეული მათგანი ფაშისტური, ფსევდოფაშისტური ან კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ იბრძოდა”. 

პოლიტიკურად დამუხტულმა, მრავალფეროვანმა და მრავალეროვანმა გარემომ, რომლის უშუალო შემსწრე და უნებლიე მასპინძელი აღმოჩნდა, ახალგაზრდა რაფაელს მოგზაურობის და სხვა ქვეყნების აღმოჩენის სურვილი გაუღვიძა. პირველად 17 წლისას მისცეს უფლება თვითმფრინავით მარტოს ემგზავრა. ასე აღმოჩნდა ლიბანში და იქ  4 თვე დაჰყო. თავისუფლების ჰაერს ხარბად დაეწაფა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გაუჩნდა – აქ მშობლებს მინიმალური როლი უნდა ეთამაშათ. დედას დაურეკა და მომავალი ქორწინება ამცნო: 

 – დედა, შიიტ გოგოზე ვქორწინდები!

– დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა დაბრუნდე და ეს თემა უფრო ვრცლად განვიხილოთ? 

– სრულიად დარწმუნებული. გადაწყვეტილება მიღებულია: ცოლად შიიტ გოგოს ვირთავ და ისლამს ვიღებ!

მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ალბათ, რაფაელის ადრეულ განათლებაში მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს და გამოსწორება აღარ უცდიათ. სრული თავისუფლება მისცეს და იმედი დაიტოვეს, რომ სადმე, რომელიმე ქვეყანაში, ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს, მოწოდებას და მრწამსს იპოვიდა.
 
განათლება და ალჟირი 
 
ფილოსოფია, ლიტერატურა და ისტორია – ჰუმანიტარული განათლება რაფაელ გლუქსმანმა წინა-საუნივერსიტეტო მოსამზადებელ კურსზე მიიღო. შემდეგ სიანს პო-ში (Sciences Po – ყოფილი Institut d’Études Politiques de Paris, სოციალური მეცნიერებების და გამოკვლევების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი) პოლიტიკური მეცნიერების განხრით გააგრძელა სწავლა. ოფიციალურ პრესტიჟზე რაფაელს ირონიულად ეღიმება: „სასწავლებელი, რომელიც ფრანგ იდიოტებს აყალიბებს”. თუმცა იყო დადებითი მხარეებიც, რომელიც გამოადგა, მაგალითად, სიანს პო-ში გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანი იყო, რაც ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობის შესაძლებლობას გულისხმობდა. ერთ-ერთი ასეთი პროგრამით ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მაგრამ მეგობრის რჩევას დაჰყვა – ალბათ უფრო ფათერაკიანი და საინტერესო თავგადასავლის პერსპექტივამაც გაიტაცა: „კოლუმბია (იგულისხმება უნივერსიტეტი), იგივე სკოლაა, რაც სიანს-პო, ოღონდ ნიუ იორკში, – ურჩია მეგობარმა, – არ გირჩევნია ალჟირში რომ წახვიდე?”. ასეც მოხდა. რაფაელმა, ბევრი ყოყმანის გარეშე, ნიუ იორკის ბილეთი ალჟირის ბილეთზე გაცვალა.


ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
 ალჟირის ცენტრალურ უბანში დასახლდა და ადგილობრივებში გაითქვიფა. ამაში, როგორც თვითონ ამბობს, „მეტ-ნაკლებად ალჟირული გარეგნობა” დაეხმარა. სიტუაცია არც უცხოელებისთვის და არც ადგილობრივებისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ ჩანდა: „იმ დროს ალჟირი ტერორიზმის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილი იყო, ყოველ მეორე დღეს ბომბი ფეთქდებოდა”. გაცვლითი პროგრამა ადგილობრივ გაზეთში მუშაობას გულისხმობდა. ახალს და საინტერესოს რასაც აღმოაჩენდა, იმაზე წერდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი თემა ქალის საცვლების ბაზარს მიუძღვნა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, გავლენიანი ულტრაისლამისტური დაჯგუფება აკონტროლებდა.
 
საფრანგეთში დაბრუნება და რუანდის გენოციდი
 
პარიზში დაბრუნების შემდეგ, საშუალო სკოლის მეგობრებთან ერთ-ერთმა შეხვედრამ, გადააწყვეტინა, სრულიად ახალ სფეროში ეცადა ბედი. მეგობრები, ისევე როგორც რაფაელი, პირველად კიდებდნენ ხელს დოკუმენტური ფილმის წარმოებას. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ფილმის თემა – რუანდის გენოციდი იყო. მომავალმა დოკუმენტალისტებმა, გერმანიაში მხოლოდ 15-დღიანი ტრენინგი გაიარეს  და გადაწყვიტეს, რომ გადასაღები პროცესის ყველა როლი თავად შეეთავსებინათ. 
გადაღებამ 2 წელიწადს გასტანა. დაფინანსების პრობლემების მიუხედავად, ფილმი შედგა და პრესტიჟული ფესტივალის – FIPA-ს პრიზი დაიმსახურა. „ნაცისტური გერმანიისგან განთავისუფლების შემდეგ, რუანდის მიმართ გატარებული ფრანგული პოლიტიკა, ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული თემა იყო საფრანგეთში. ფილმში საუბარია საფრანგეთის მთავრობის, არმიისა და განსაკუთრებით კი პრეზიდენტის მონაწილეობაზე. ფრანგული არმია გარეული იყო გენოციდის ინიციატორების სამხედრო უზრუნველყოფასა და მომზადებაში. ამ გენოციდმა, მხოლოდ სამ თვეში, მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წარმოიდგინეთ ეს რა რიცხვია. 10 ათასი უდანაშაულო მსხვერპლი ყოველდღე!”. 
ფილმის პრემიერას ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე (France 3), მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა – როგორც მედიაში, ასევე მთავრობაში. ახალბედა დოკუმენტალისტები სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ. „იმ დროს, მთავრობაში ორი ადამიანი გვიჭერდა მხარს, ბერნარ კუშნერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა სარკოზი. როდესაც სარკოზი ხელისუფლებაში მოვიდა და პრეზიდენტი გახდა, მან რუანდის მიმართ ფრანგული პოსტიმპერიალისტური პოლიტიკა შეცვალა”. 
 
არასამთავრობო მოღვაწეობა, სწავლა საზღვრებს გარეშე 
 
2002 წელს, რაფაელმა მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია – სწავლა საზღვრებს გარეშე – ჩამოაყალიბა. ის ითვალისწინებდა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ფენებისთვის საზღვარგარეთ განათლებას, საგანმანათლებლო სტიპენდიებით მათ უზრუნველყოფას. ორგანიზაციამ ენის წინასწარი ცოდნა თავიდანვე ამოშალა კრიტერიუმთა სიიდან, რადგან „ნაომარ ქვეყანაში გაზრდილ ბავშვს ნაკლები შანსი აქვს ისწავლოს უცხო ენა”. პირველ წელს ამ პროგრამით 9 ჩეჩენი სტუდენტი გაიგზავნა საფრანგეთის საუკეთესო სკოლებში. დონორი ქვეყნების გარდა, პროგრამას ფინანსურად მხარს უჭერდნენ კერძო სპონსორები, სტუდენტურ ფონდში ყოველთვიურად გაღებული თანხის სახით. „ჩეჩნეთის ომი ახალი მომხდარი იყო, ამ პროგრამით მქონდა პირველი შეხება კავკასიასთან, თუმცა კავკასიის შესახებ რუსული ლიტერატურიდან ვიცოდი. საფრანგეთში, რუსული არმიის დაუნდობლობას ჩეჩნეთის ომში, დიდი  რეზონანსი მოჰყვა. ეს არ იყო ომი, ეს იყო ხოცვა-ჟლეტა”.  


ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
საქართველოსთან პირველი და უშუალო კავშირი უკრაინაში დამყარდა. კიევში, რაფაელი გადამღებ ჯგუფთან ერთად, არჩევნების პერიოდში იმყოფებოდა. ფილმი, რომელიც იქ გადაიღეს, შემდგომში Orange 2004-ის სახელით გამოვიდა. „მახსოვს, ხრეშჩატიკზე ვიღებდით ნარინჯისფერი რევოლუციის მღელვარებას. აქვე შევხვდით ქართველ აქტივისტებს, უნდა ითქვას, რომ მათი ენთუზიაზმი უკრაინელებისას სჭარბობდა, ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ერთი სიტყვით, აქტივისტებთან ვსაუბრობდი, როდესაც მათთან შესახვედრად კარავში მიშა შემოვიდა. „აი, ჩვენს პრეზიდენტს გაესაუბრეთ, ფრანგულად ლაპარაკობს”, – მითხრეს. ფილმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ იქნებოდა, ამიტომ მეც ვიაქტიურე და ჩავწერეთ. ინტერვიუს დროს კარავში იმდენად ცხელოდა, რომ კამერის ოპტიკა დაგვეორთქლა, რამაც სამწუხაროდ მთელი ინტერვიუ ფილმისთვის გამოუსადეგარი გახადა”.

რაფაელზე საქართველოს პრეზიდენტმა შთაბეჭდილება მოახდინა და  უმალ დამეგობრდნენ. „აქვე მინდა ვთქვა – მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, არასდროს მიმაჩნდა, რომ არსებობს ობიექტური, ნეიტრალური სინამდვილე, მე ჩემი მრწამსი და იდეალები მამოძრავებდა. ყველა ადამიანს აქვს ინტერესები, რაღაც საკითხისადმი საკუთარი მიდგომა, ანუ ანგაჟირებულია, მიუხედავად იმისა, ამას აღიარებს თუ არა. მე ნეიტრალურობა არასდროს მიზიდავდა, არ მაინტერესებდა. როდესაც მიშას პირველად შევხვდი, მაშინვე მივხვდი, რომ ის მართალია”.

აგვისტოს ომი, ბორისოვთან შეხვედრა  
 
აგვისტოს ომის დროს, რაფაელს გაუჩნდა სურვილი, რომ საქართველოსთვის რამე გაეკეთებინა – მონაწილეობა მიეღო და საკუთარი  წვლილი შეეტანა პროცესში, რომელსაც რუსეთი ომით დაუპირისპირდა. სასწრაფოდ გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ არხთან და 12 აგვისტოს, გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა ოკუპირებულ საქართველოში. იგეგმებოდა სამსაათიანი ფილმის გადაღება, რომელსაც „იმპერიის საპასუხო დარტყმა” (Empire Strikes Back) ერქვა. სამხედრო მოქმედებების პირველი კადრების გადასაღებად, ჯგუფი გორის მიმართულებით გაემგზავრა, თუმცა ქალაქის მისადგომთან რუსულმა ბლოკ-პოსტმა გააჩერა. როგორც იქნა, ღამის სამ საათზე მოხერხდა რუსეთის არმიის გენერალ ბორისოვთან შეხვედრა – „როგორც კი ბორისოვი შემოვიდა, მე შემომხედა და მკითხა – ცისფერი ხარ? ეს რა პიდარასტების ხროვაა! დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში და იქაური ზანგები იხმარეთ, არ გინდათ? აქ ევროპა არ არის, აქ რუსეთია, ახლავე შემიძლია რუსეთის ვიზის უქონლობის ბრალდებით ყველანი დაგაპატიმროთ!  –  კი მაგრამ, ეს ხომ საქართველოს შუაგულია? ვეღარ მოვითმინეთ ჩვენ. – ამ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში ვრჩები”. 

ფილმის გადაღება გადაიფიქრა, მაგრამ ეს ის გზა აღმოჩნდა, რომელმაც რაფაელი საქართველოში ჩამოიყვანა და აქ დარჩენა გადააწყვეტინა.  სექტემბრამდე დარჩა. გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტზე წიგნი დაეწერა, რომლის ძირითადი ნაწილი ვრცელ ინტერვიუს დაეთმობოდა, ბავშვობიდან დღევანდელობამდე. მიუხედავად იმისა, რომ რაფაელი პრეზიდენტის პოლიტიკას იზიარებდა, წიგნი დაეხმარა უფრო დეტალურად გაეგო სააკაშვილის მსოფლმხედველობა და ლოგიკა, მას სურდა უფრო ნათლად დაენახა ამ უჩვეულო ბიოგრაფიის ტრაექტორია. წიგნის გამოსვლის შემდეგ რაფაელი პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. 
 
საქართველო, რუსეთი და პოლიტიკა
 
საქართველოზე აუღელვებლად ლაპარაკი არ შეუძლია – განიცდის, ჟესტებს იშველიებს, ცდილობს ზუსტად ჩამოაყალიბოს სათქმელი. მისი საქმეც, საქართველოს დღევანდელი კურსის, რეფორმების, კონკრეტული შიდა თუ გარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების ახსნა, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან გარკვეულობის შექმნაა. რა ხდება ქვეყანაში, როგორ და რატომ ვითარდება ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა. „დღეს შიდა და გარე პოლიტიკის კავშირი ძალიან მჭიდროა, განსხვავება სულ უფრო და უფრო მცირდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი პროცესი, დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ეს ის ადგილია, სადაც პოლიტიკა რეალურად ცვლის ხალხის ცხოვრებას და ქვეყნის მომავალ მიმართულებას აყალიბებს. ასეთი საინტერესო პროცესი უკვე აღმოსავლეთ ევროპაშიც იშვიათობაა. ეს ორი მიზეზის გამო ხდება: ერთი, რომ საქართველო უჩვეულოდ სწრაფი დინამიკით ვითარდება, ვარდების რევოლუციამ მოახერხა საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლა. და მეორე – ევროპის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, გადაურჩება თუ არა საქართველო რუსეთის აგრესიას. ჩემთვის ამ პროცესში მონაწილეობა ყველაზე უფრო ამაღელვებელია”. 
ამავე დროს, ბუნებრივია, ბევრი ასპექტია გამაღიზიანებელი – ყოვლისშემძლე რომ იყოს, რუსეთ-გერმანიის დიპლომატიურ ურთიერთობებს შეცვლიდა. რუსეთის ფაქტორი მისთვის ფრუსტაციის წყაროა. საქართველოში რეფორმები მუდმივი საფრთხის პირობებში ხორციელდებოდა, ხშირად კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ არსებობს ეს საფრთხე, რომელიც საქართველოსთან მუდმივ წინააღმდეგობაშია და მეტიც, ამ ქვეყანას შთანთქმით ემუქრება: „როდესაც ამ საკითხებზე ევროპელებთან ან სულაც ფრანგებთან ვსაუბრობ, სულ ვამბობ „ჩვენ, ჩვენ”...” კოლეგები გაკვირვებული უყურებენ და ცდილობენ გაარკვიონ, „ჩვენში” ფრანგები იგულისხმება თუ ქართველები.  

უცხოელ ლიდერებთან დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე მზად არის. თუმცა მიაჩნია, რომ მოლაპარაკება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის რეალური შეფასებით უნდა დაიწყოს: „დღეს 500 ათასი ადამიანი დევნილია, ისინი აიძულეს საკუთარი საცხოვრებლები დაეტოვებინათ, ანუ მოსახლეობის თითქმის 10% დევნილად იქცა. ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ეს ამბავი ჯერ არ დამთავრებულა, თვე არ გავა, რუსეთის მიერ ინსპირირებული ტერორისტული აქტის მცდელობა არ მოხდეს... თუ ევროპელები მზად არ არიან ეს რეალობა აღიარონ, მაშინ ნებისმიერი კრიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა”.  
საინტერესოა, რა შთაბეჭდილებები გაუჩნდა საქართველოში პირველად ჩამოსულ რაფაელ გლუქსმანს – ადამიანს, რომელიც დღეს ქვეყნის ევროპულ მომავალში ასე მჭიდროდ არის ჩართული: „როდესაც საქართველოში ჩამოდიხარ, თავს უფრო ევროპელად გრძნობ, ვიდრე ევროპაში. აქ არ არის საუბარი არქიტექტურაზე და გარემოზე, ეს იგრძნობა ხალხში, როგორ უყურებენ ისინი საკუთარ ქვეყანას, რა ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, თუ უცხოელებთან. აქაური განწყობა გაცილებით უფრო ევროპულია, ვიდრე იმ სამხრეთული ქვეყნებისა, რომლებიც ევროპის შემადგენლობაში შედიან. ჩემთვის მენტალური რევოლუცია პოსტსაბჭოთა მენტალობის განდევნაა – პოსტსაბჭოთა აზროვნების, რომელიც მაინცდამაინც არ განსხვავდება საბჭოთა მსოფლმხედველობისგან. ხშირად, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას შემიმჩნევია, როგორ აქვთ მოვლილი კარ-მიდამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხმა, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ჯოჯოხეთური სიძნელეები გაიარა. ისინი აშენებენ და არ ელოდებიან როდის მოვა სახელმწიფო მათი ქონების შესაკეთებლად. მე მგონია, საქართველოში ის ძველი კულტურა ბრუნდება, რაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იყო”.  
 
გლუქსმანების ოჯახი დღეს და ხვალ
 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
საქართველოს მოქალაქეობაზე ამ ბოლო ხანს დაფიქრდა. აქამდე არ სურდა, მდგომარეობით ესარგებლა და როგორც პრეზიდენტის მრჩეველს, მისგან მიეღო მოქალაქეობა. დღეს კი თავისუფლად შეუძლია მოქალაქეობა ოჯახური ხაზით მოიპოვოს. 

„შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, და ვფიქრობ, რომ ჩემი მშობლებიც იზიარებენ ჩემს ბედნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ორივე საქართველოს დიდი გულშემატკივარია. დედაჩემისთვის, რომელიც არც ერთ რელიგიურ, ენობრივ ან ეროვნულ კუთვნილებას არ აღიარებს, შთამბეჭდავია, რომ ჩემი მეუღლე პოლიციის შეფი, შს სამინისტროს მინისტრის მოადგილეა იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ეს კარგად ეწერება ჩვენი ოჯახის „შინაგანაწესში”, დედაჩემისთვის მთავარი სიმტკიცეა”. 

ამ ისტორიების გააზრების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რაფაელი მშობლების გზას გაჰყვა. ის გამოწვევები და იდეალები, რაც მას ოჯახურმა გარემომ მისცა, გაცნობიერებულად მიიღო, გააგრძელა და დღემდე ცდილობს საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს. საინტერესოა, განიცდიდა თუ არა წინააღმდეგობრივ სულისკვეთებას ან პროტესტს კარგად ნაცნობი, ჩვეული გარემოს მიმართ? რაფაელის პარადოქსი მის პასუხში უნდა ვეძიოთ: „ჩემი ამბოხი იქნებოდა, რომ მეთქვა: ნორმალური ცხოვრება მინდა, მსურს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმსახურო და რეალური პოლიტიკოსი გავხდე. შემდეგ მამაჩემს ვეტყოდი, არა, არა, ეგრე არ არის, შეხედე, რუსეთი რამხელა ქვეყანაა, და ან ვის აინტერესებს ადამიანთა უფლებები ჩინეთში? ეს იქნებოდა ძალიან მოსაწყენი ამბოხი, ამიტომაც ეს გზა არ ამირჩევია”.

საქართველოში ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა, მათ შორის, საკუთარი წარმომავლობაც ეჭვქვეშ დადგა: „საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ ებრაელი არ ვარ. ცნობილია, რომ ებრაელებს ენების ათვისების განსაკუთრებული უნარი აქვთ. როდესაც აქ ჩამოვედი, ვიფიქრე, რომ სალაპარაკო ენას ცოცხალი საუბრიდან ავკრეფდი, თუმცა შევცდი. ჩემი საბოლოო და არანაკლები სიზარმაცით გამოწვეული გადაწყვეტილებაა, ქართულად ენა ჩემს მომავალ შვილთან ერთად ავიდგა. მეტყველება ოპერაციაა, საკომუნიკაციო სისტემა, მე მეტყველებამდელი ადამიანი ვარ”.  
 

კომენტარები