იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იაპონიის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ საკუთარ ლიდერად ფინანსთა მინისტრი, იოშიჰიკო ნოდა, აირჩია. ის  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.  54 წლის ნოდა ნაოტო კანს შეცვლის, რომელმაც პრემიერის პოსტი 26 აგვისტოს დატოვა. დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერი პრემიერად პარლამენტმა სამშაბათს, 30 აგვისტოს, უნდა დაამტკიცოს. ნოდა ბოლო 5 წელიწადში იაპონიის მე-6 პრემიერი იქნება.

ნოდას კენჭისყრის პირველ წრეში მხარი დაუჭირა მისმა კონკურენტმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიჯი მაეჰარამ. კაიედას კი მხარს სკანდალებში გახვეული ვეტერანი და გავლენიანი პოლიტიკოსი, იჩირო ოძავა უჭერდა. ოძავა დემოკრატიული პარტიის უდიდეს ფრაქციას აკონტროლებს, თუმცა ეს კაიედას გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

ნოდას თავიდანვე მრავალი საზრუნავი ექნება. მარტში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებული რეგიონების რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. არც ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის საკითხია დახურული. ამ პრობლემების გარდა, ნოდას  ფრაქციებად დაყოფილი პარტიის გაერთიანება და იაპონიის პრაქტიკულად უძრავი ეკონომიკის გამოცოცხლებაც მოუწევს.

ნოდა ფინანსურ საკითხებში კონსერვატორად მიიჩნევა. ცოტა ხნის წინ, ის ემხრობოდა სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და საჯარო ვალის შემცირებისათვის გადასახადების მკვეთრად გაზრდას. თუმცა უცნობია, რა ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებს ის პრემიერის პოსტზე.

წინამორბედ ნაოტო კანისგან განსხვავებით, ნოდა არ იზიარებს ბირთვული ენერგიისგან თავისუფალი იაპონიის ხედვას. მას სურს, გაჩერებული ბირთვული რეაქტორები ისევ აამუშავოს.

კომენტარები