არაბული მონარქია

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი სულტანი გარდაიცვალა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი სულტან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.  პრინცი 80 წლის იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ კიბო გახდა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრი აშშ-ში, ნიუ იურკში მკურნალობდა. სამეფო ოჯახმა უკვე დაადასტურა პრინცის გარდაცვალება და ღრმა მწუხარება გამოთქვა მემკვიდრის დაკარგვის გამო. პრინც სულტანის გარდაცვალებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მან სამძიმარი გამოუცხადა სამეფო ოჯახს და პრინცს ამერიკის მეგობარი და ძლიერი ლიდერი უწოდა. პრინცი სულტანი აშშ-თან ახლო კავშირის ყველაზე აქტიური მომხრე იყო. პრინც სულტანის შვილი, პრინცი ბანდარი ოცი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ელჩი იყო აშშ-ში.

პრინცი სულტანი საუდის არაბეთის მეფის, აბდულას ნახევარ-ძმა იყო და მეფე აბდულას შემდეგ ტახტის მემკვიდრეებს შორის რიგით პირველი იყო. ის აგრეთვე თავდაცვისა და ავიაციის მინისტრების თანამდებობებს იკავებდა. პრინცი საუდის არაბეთის დამაარსებელის, მეფე აბდულაზიზის, იგივე იბნ საუდის, ერთ-ერთი შვილი იყო. იბნ საუდს ერთ-ერთი ცოლისგან, ჰასა ბინტ აჰმად ალ სუდაურისგან 7 ვაჟი ჰყავდა. სწორედ ეს ვაჟები ითვლებიან ტახტის მემკვიდრეებად.

ვაჟთაგან ყველაზე უფროსი, მეფე ფაჰდი 2005 წელს გარდაიცვალა და მის შემდეგ ტახტზე მისი ნახევარძმა პრინცი აბდულა ავიდა.

პრინც სულტანის გარდაცვალების შემდეგ ტახტის პირველ მემკვიდრედ სავარაუდოდ პრინც ნაეფი იქცევა. ის პრინც აბდულას ძმა და იბნ საუდის 7 ვაჟთაგან ერთ-ერთია. ის 78 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად სწორედ პრინც ნაეფს ეკუთვნის ტახტის მემკვიდრეობა, ზუსტად მემკვიდრის სახელს მეფის მიერ შექმნილი მემკვიდრეობის საბჭო დაასახელებს. მემკვიდრეობის საბჭოს წევრები არიან მეფის ძმები და ძმისშვილები. 

კომენტარები