5-ლარიანი შეღავათი ყველას

თბილისის მერია 5-ლარიან სატრანსპორტო ვაუჩერებს არიგებს. ამ დროისთვის, ვაუჩერი, სულ მცირე, 400 ათასმა ადამიანმა მიიღო. 31 დეკემბრამდე 5-ლარიანი შეღავათით საქალაქო ტრანსპორტის ყველა ის მგზავრი ისარგებლებს, რომელსაც 17 ოქტომბრამდე ტრანსპორტის საფასური პლასტიკური სამგზავრო ბარათით ერთხელ მაინც გადაუხდია. ყოველ ბარათზე თანხა ერთჯერადად ჩაირიცხება. კუთვნილი 5 ლარის მიზნობრივ ათვისებას სპეციალური პროგრამა გააკონტროლებს.

შეღავათები, პირველ რიგში, შედარებით იაფ მუნიციპალურ ტრანსპორტზეა – მეტრო და ავტობუსი – გათვლილი. თუმცა პლასტიკური ბარათით სარგებლობა ახალ მიკროავტობუსებშიც არის შესაძლებელი. კვლევითი ორგანიზაცია IPM-ის გათვლებით, ავტობუსისა და მეტროს მგზავრებს თვეში 49.8 ლარი ეხარჯებათ. ადამიანებს, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ტრანსპორტს ერთხელ მაინც იცვლიან, მგზავრობაზე თვეში 99.6 ლარი ეხარჯებათ. მიკროავტობუსით მგზავრობა 80-თეთრიანი ტარიფის შემთხვევაში, თვეში 79.7 ლარი ჯდება. 5 ლარი ამ თანხების, შესაბამისად – 10%, 5% და 6%-ია.

იმავე ტიპის გაანგარიშება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შესახებ არ არსებობს. IPM-მაც თბილისში შემთხვევითობის პრინციპით 8 ათასი ოჯახი და ინდივიდუალურად თითოეული წევრი გამოკითხა. თუმცა მათი სოციალური სტატუსი არ დაუზუსტებია.

უკიდურესად ღატაკ მოსახლეობას – 215 ათასი ადამიანი – მგზავრობის ხარჯებს მთლიანად მერია უფარავს. დანარჩენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები – 99 ათასი ადამიანი, მეტროსა და ავტობუსში მხოლოდ ფიქსირებულ 10 თეთრს იხდიან. მათ გარდა, მერიის შეღავათით – მუნიციპალურ ტრანსპორტზე 20-თეთრიანი ფიქსირებული ტარიფით – სტუდენტები, თბილისის სკოლამდელი აღზრდის, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული თუ კულტურული სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები სარგებლობენ. მას რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლებიც მოიხმარენ, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი.

ზუსტი გათვლები არ არსებობს, თუმცა წინასწარი შეფასებით, პროექტის მაქსიმალურმა ღირებულებამ 5 მილიონ ლარს არ უნდა გადააჭარბოს, რადგან აქტიური მხოლოდ 1.049 მილიონი ბარათია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის თქმით, შეღავათის გასაცემად თბილისის მერიას დამატებითი თანხა არ დასჭირვებია. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტის შესაბამისი მუხლის – საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით და მეტროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების კომპენსაცია – მიხედვით ფინანსდება. ამ მუხლით 2011 წლის თბილისის ბიუჯეტში 32.8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის არსებული შეღავათები მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე რომ იყოს გაწერილი, თითოეული სოციალურად დაუცველი ადამიანი 2011 წლის ბიუჯეტიდან 104 ლარს მიიღებდა. ბიუჯეტის მუხლის სახელწოდებიდან გამომდინარეც, გაუგებარია, სოციალურად დაუცველ პირთათვის გამოყოფილი თანხები რატომ უნდა მოხმარდეს ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გამიზნულ შეღავათებსაც.

კომენტარები