საქართველო WTO-ში

სააკაშვილი სეპარატისტებთან რუსეთის სამოკავშირეო პოლიტიკაზე

ბათუმში, ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ  ბრიფინზე , საქართველოს პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეხო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  (WTO) რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს და  აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება   საქართველოს   უქმნის შანს, გააკონტროლდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემომავალი და ამ ტერიტორიებიდან გამავალი ტვირთები . სააკაშვილმა  თქვა, რომ  WTO-ს საკითხზე  ხანგრძლივ და  რთულ მოლაპარაკებებში საქართველოს ჰქონდა   საქმე ინტრიგებში გაწაფულ მხარესთან და  საქართველოს არ დაუთმია საკუთარი ინტერესები. საქართველოს პრეზიდენტმა  ხაზი გაუსვა,  რომ ამ  ხანგრძლივ მოლაპარაკებებში რუსეთს ერთხელაც არ გახსენებია   ” თავისი აფხაზი და ოსი მოკავშირეები, რომელთა დამოუკიდებლობაც თავად აღიარა”. პრეზიდენტის  აზრით,  ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის ამოსავალია საკუთარი ინტერესები ,  ხოლო მის მიერ აფხაზი და ოსი სეპარატისტებისთვის დაპირებული მოკავშირეობა  ილუზორული,  "რუსეთს როცა სჭირდება იოლად ივიწყებს მის მიერვე შექმილ ყალბ სიმბოლოებს და მოდის მოლაპარაკებებზე"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველოსთან შეთანხმება რუსეთმა  მათი გვერდის ავლით გააფორმა.  შეთანხმება სოხუმში მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა ”აფხაზეთის  დამოუკიდებლობის დაკნინების” მცდელობად  შეაფასეს. ამასთან დაკავშირებით  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ალექსანდრ ლუკაშევიჩს მოუწია განმარტება."სრულადაა რეალიზებული  ამოცანები, რომელსაც რუსული მხარე  ისახავდა, კერძოდ - შეთანხმებები რჩება მკაცრად სავაჭრო პრობლემატიკის ირგვლივ და არ აკნინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, სტატუსს" - განაცხადა ლუკაშვიჩმა და დასძინა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონში სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზებას. მისივე  თქმით, "ამგვარი შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისის მხრიდან სწორი მიმართულებით" სვლისკენ.

 

კომენტარები