თოჯინური ხელოვნება

UNIMA - მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანება

ბათუმის იუბილარი თეატრი

საქართველოში „უნიმას“ (თოჯინური ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო გაერთიანება) არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრი ოფიციალურად ამოქმედდება.

ახალი ინიციატივის განსახორციელებლად საქართველოში იმყოფებოდა „უნიმას“ გენერალური მდივანი ჯაკ ტრუდო (დაიბადა 1948  წელს კანადაში. დაამთავრა კვებეკის უნივერსიტეტის თეატრის მართვის სპეციალობა. მუშაობა დაიწყო როგორც მსახიობმა და მოცეკვავემ, მოგვიანებით ლიტერატურული ტექსტების ადაპტაციას მოჰკიდა ხელი და სახელიც გაითქვა. 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა „უნიმას“ შერჩევის კომიტეტს, ხოლო 2002–04 წლებში – კანადის ცენტს. 2004–08 წლებში იყო ჩრდილოეთ ამერიკის კომისიის პრეზიდენტი, 2008 წლიდან კი), რომელმაც  მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების მნიშვნელობაზე, სპეციფიკაზე, ისტორიასა და მომავალზე ისაუბრა. მისი ვიზიტი და „უნიმას“ ქართული ცენტრის დაფუძნება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს დაემთხვა. მისი მმართველი მედეა ჩარკვიანი ბათუმში საგანგებოდ შეკრებილმა საქართველოში არსებული თოჯინური და საბავშვო, თითების, მარიონეტების, ჩრდილების თეატრების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. მასთან ერთად, „უნიმას“ კომიტეტში შევიდნენ: ლევან ხეთაგური (გენერალური მდივანი), ბესო კუპრეიშვილი (ვიცე–პრეზიდენტი), თემურ ბადრიაშვილი – (ვიცე–პრეზიდენტი), იური მღებრიშვილი (ხაზინადარი), თენგო ხუხია (წევრი), ია იაშვილი (წევრი); საპატიო პრეზიდენტებად დასახელდნენ: რეზო გაბრიაძე და გივი სარჩიმელიძე, ადამიანები, რომლებმაც თოჯინური ხელოვნების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. „უნიმას“ ქართულ ცენტრში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც მეთოჯინეა, იკვლევს თოჯინურ ხელოვნებას ან უბრალოდ დაინტერესებულია ამით.   

„უნიმას“ მიზნები დაკავშირებულია  თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციასთან, მეთოჯინეების ერთმანეთთან დაკავშირებასთან და მათ საერთაშორისო ფესტივალებში, პროექტებსა და სემინარებში ჩართვასთან. კომიტეტის სურვილია დაფუძნდეს საერთაშორისო თოჯინების ფესტივალი ბათუმში და ქართული თოჯინური სპექტაკლების შოუქეისი ქუთაისში. ქართული თოჯინური ხელოვნების კვლევაზე, ლევან ხეთაგურის ინიციატივით, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) მისი ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი იმუშავებს. მომზადდება წერილი, რომელიც „უნიმას“ ცენტრალური ოფისის ინიციატივით გამოცემულ სქელტანიან ენციკლეპედიაში შევა და მსოფლიო  მასშტაბით გავრცელდება.

„პირადად ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ისტორიული მომენტია, რამდენადაც ამოქმედდება „უნიმას“ ცენტრი, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. არადა, თქვენთან თოჯინური ხელოვნება განვითარებულია. ორიოდე სიტყვით რომ გითხრათ „უნიმაზე“, ის 1929 წელს პრაღაში დაფუძნდა. ამის ინიციატორი გახლდათ პროფესიით ჟურნალისტი პოლ ჟანი, ხოლო პირველი პრეზიდენტი – იან დელიჩ ბასილი. „უნიმას“ აღდგენა დაკავშირებულია იან მალიკის სახელთან, რომელმაც გაერთიანება მნიშვნელოვნად გააძლიერა. „უნიმამ“ გამოიცვალა არაერთი პრეზიდენტი, ადამიანები, რომლებსაც მეთოჯინეები კარგად იცნობენ. დაიხვეწა მისი წესდება და წლების განმავლობაში თუ „უნიმას“ ევროპელები მართავდნენ, უკანასკნელ კონგრესზე აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომელიც 5 კონტინენტის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, პრეზიდენტად ინდოელი დადი პუდუმჟი აირჩია“, – გვითხრა ჟაკ ტრუდომ, რომლის გაერთიანებასაც 8 ათასზე მეტი წევრი ჰყავს მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.

ბათუმში საგანგებოდ ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის 75 წლის იუბილეს (რეჟისორი ირაკლი გოგია), რომლის მომზადებაშიც, შემოქმედებითი ჯგუფთან ერთად, ადგილობრივი მთავრობაც იყო ჩართული. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რამდენადაც ბათუმის თოჯინების თეატრი, რომელსაც თავდაპირველად ტიკინების თეატრის სახელით მოიხსენიებდნენ, ერთ–ერთი უძველესია (დაარსდა 1936 წელს). იუბილე გაიმართა ბათუმის დრამატულ თეატრში, რომლის ფოიეში თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. გამოიცა საგანგებოდ იუბილესთვის მომზადებული მცირე ზომის ალბომი, სადაც მოხსენიებულია ყველა, ვისაც თეატრის განვითარებაში წვლილი მიუძღვის, ვის სახელსაც უკავშირდება მისი შემოქმედებითი წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ფარგლებს გარეთ. გვაჩენეს ორი დადგმა: „წუნა და წრუწუნა“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი) და ბერტოლდ ბრეხტის „დედა კურაჟი და მისი შვილები“ (რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ცინცაძე). ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრისთვის, რომელიც მაყურებლის სიმცირეს არასოდეს უჩივის, სიახლეა, რომელიც იუბილეზე საჯაროდ ითქვა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თეატრს ერთ–ერთ ძველ და პრესტიჟულ უბანში გადაეცა შენობა, რომლის რეაბილიტაციის პროექტი მზად არის, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს და ექსპლუატაციაში 2012 წლის ბოლოს შევა. ასე რომ, 2013 წლის 21 მარტს, მეთოჯინეების მსოლფიო დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი გაძლიერებული შეხვდება.  


   

კომენტარები