ოკეანეთი

მოსკოვის დიპლომატიური აქტიურობა ოკეანეთში

 ავსტრალიაში   ფიქრობენ,  რომ   წყნარი ოკეანის აუზის ღარიბ სახელმწიფოების  დახმარების სანაცვლოდ,  მოსკოვი საკუთარი  დიპლომატიური  ინიციატივების მხარდაჭერას ითხოვს.  ლაპარაკია პატარა სახელმწიფოებზე , რომელთაგანაც   ნაურუმ  და ტუვალუმ აღიარეს   საქართველოს სეპარატისტული რეგიონების  დამოუკიდებლობა, ვანუატუმ კი  აღიარების შესახებ   გადაწყვეტილება უკან წაიღო.  

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე,  ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კევინ რადმა აღნიშნა, რომ  ოკეანეთის პატარა  სახელმწიფოების დახმარების პოლიტიკა  რუსეთის მხრიდან   გამჭირვალე უნდა იყოს. შეხვედრაზე წამოიწია ფიჯის საკითხმა, სადაც ხელისუფლებაში სამხედროები არიან.  ვარაუდობენ, რომ  მოსკოვის მხარდაჭერა სამხედროების ხელისუფლებას გააძლიერებს.   ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვს უთხრა, რომ აუცილებელია  რეგიონში დემოკრატიული პროცესების წახალისება.  მოგვიანებით,  სერგეი    ლავროვი  ფიჯის ეწვია და   რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან   უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე კონსულტაციების დაწყების საკითხი განიხილა.  ფიჯის რესპუბლიკაში გამართულ მოლაპარაკებებს ლავროვმა მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი რუსეთისთვის საინტერესოა. ლავროვმა თქვა, ისიც რომ  ფიჯელ კოლეგებთან   შეხვედრებზე განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაც გამოიკვეთა.

 ახლახან, საქართველოს განათლების სამინისტროს დელეგაციამ ფიჯის რესპუბლიკას საჩუქრად  საქართველოში დამზადებული 200 ნეტბუქი გადასცა.  

 რამდენიმე დღის წინ   ავსტრალიელმა  პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მოსკოვი ცდილობს ახლა უკვე  ფიჯისგან იყიდოს  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა   ბრალდება უარყო  და  თქვა, რომ  ”მოსყიდვა” არაა მოსკოვის მეთოდი.  

 

კომენტარები