ქართული ღვინო

ქართული პროდუქცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას, ,,Prowein 2012’’ , წელს ქალაქი დუსელდორფი მასპინძლობდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა 3 დღეს გაგრძელდა და მას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზიაც ესწრებოდა. გამოფენის მიმდინარეობისას მან შეხვედრები გამართა ღვინის განვითარების ორგანიზაციებთან. ”დუსელდორფის გამოფენაზე ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები გამართეს მსოფლიოს უდიდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან და გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. ეს ყველაფერი, ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებას ნამდვილად წაადგება,” - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას. წელს ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ,,კორპორაცია ქინძმარაულის’’, ”ბადაგონი 1882’’-ის, ,,თბილღვინოს’’, ,,სარაჯიშვილის’’ და სხვა ქართული კომპანიების სასმელები. გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსში, რომელშიც 8 ქართული კომპანია მონაწილეობდა, ხუთი კომპანიის პროდუქციამ ვარსკვლავები დაიმსახურეს. გაიმართა ქართული საღამოც  ,,ქართული ხმების’’ მონაწილეობით.

პოპულარული გამოფენის ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. წელს prowein-ის საერთაშორისო გამოფენას 45 ქვეყნიდან 3600 მონაწილე და 40 000-ამდე სტუმარი ჰყავდა.

 

კომენტარები