პოლონეთი-სქართველო

სტანისლავ კოჟეი: დაუშვებელია ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების შეზღუდვა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის, სტანისლავ კოჟეის შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული კრიზისების მოგვარების პროცესში ევროკავშირის უფრო ფართო მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილეს.

სააგენტო ”პირველის” ცნობით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სტანისლავ კოჟეიმ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას, რათა მისიის დამაჯერებლობა და ეფექტურობა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

”დაუშვებელია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელებისა და მისი წარმომადგენლების შეზღუდვა გადაადგილებაში და იმის უფლების არმიცემა, გარკვეული ადგილები მოინახულონ," - განაცხადა კოჟეიმ.

შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ. მის თანახმად,  გიგა ბოკერიამ და სტანისლავ კოჟეიმ  აღნიშნეს, რომ ნატო ღია უნდა დარჩეს გაფართოებისთვის და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა შეძლოს გლობალური ხასიათის თანამედროვე გამოწვევების და საფრთხეების წინაშე გამკლავება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ნატოს ოპერაციებში საქართველოს მონაწილოება ხელს უწყობს საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებას, მათ შორის საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 25 აპრილს ეწვია.

 

კომენტარები