კეტრინ ეშტონის განცხადება

კეტრინ ეშტონი გალში ჩაშლილ შეხვედრას გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილ შეხვედრასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ეშტონის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ბოლო წუთს ჩაიშალა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობის გამო. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მხრიდან დაუშვებელია.” კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვითარების სტაბილიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამიტომ იმედი აქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა ახლო მომავალში კვლავ გაიმართება. 

24 აპრილს გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის არასასურველ პერსონად გამოცხადება გახდა.

პოლონელი დიპლომატი ანდჟეი ტიშკევიჩი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2011 წლის ზაფხულში დაინიშნა. მაშინ მან შეცვალა ელჩი ჰაბერი.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოში 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი აკვირდებიან თუ რამდენად ასრულებენ მხარეები საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებას.

 

კომენტარები