ქართული ღვინო

ჩეხეთის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები დაჯილდოვდნენ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ღვინისა და ნუგბარის მე–15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც ორ ქართულ ღვინის კომპანიას ვერცხლის მედლები გადაეცა. ქართული კომპანიები ,,ჩელთი’’ და ,,ხარება’’ ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღვინის დეგუსტაცია–კონკურსში დაჯილდოვდნენ.

კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გარდა გამოფენაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი სხვა ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ – ,,თბილღვინო’’, ,,ბაგრატიონი’’, ,,შუმი'’, ,,ვაინმენი’’, ,,სარაჯიშვილი’’ და ,,ბესინი’’. ქართულ დელეგაციას პრაღაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია ხელმძღვანელობდა.

,,ამ ფესტივალში მონაწილეობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებმაც, ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მოლაპარაკება გამართეს და საინტერესო შეთანხმებებს მიაღწიეს ევროპელ კოლეგებთან. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის ქართული ტრადიციული ღვინის ცნობადობას და ხელს უწყობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას.’’– განაცხადა ია ჯანაშიამ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქართული პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები