შსს

საქართველოს საზღვარზე გადააგილებულთა მონაცემები

სახელმწიფო საზღვარზე გადააგილებულ პირთა შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში 2 822 363 პირი შემოვიდა. რაც შეეხება 2012 წელს, წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლებით, ქვეყანის საზღვრები უკვე 978 521 პირმა გადმოლახა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, მიმდინარე კალენდარული წლის პირველ 4 თვეში ვიზიტორთა რაოდენობის საშუალო 45%-იანი ზრდა აღინიშნება, ამასთან შსს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში განმარტავს, რომ 2012 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. ასევე მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც, საიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობამაც უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა. 


შსს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთიდან ვიზიტორთა ზრდაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმი დაწესდა. „ მარტის თვეში საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ვიზიტორთა როდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მაგალითისათვის, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემომსლელთა რაოდენობა გასამმაგდა კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ტენდენცია შენარჩუნდა და უფრო გამოკვეთილიც კი გახდა აპრილის თვეში, რომელშიც წინა ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით ჯამურმა მატებამ 98% შეადგინა, ხოლო უშუალოდ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა ნაკადი კი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. თუ უშუალოდ სავიზო რეჟიმის გაუქმების თარიღიდან ავითვლით, ვიზების გაუქმების ეფექტიანობის ინდექსი რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის კუმულაციურ 80%-იან ზრდაში გამოისახება.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კომენტარები