ევრო 2012

პუიოლს ოპერაცია ელის

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2012-ზე, შესაძლოა, ცენტრალური მცველი კარლეს პუიოლი მოისაკლისოს - ბარსელონას კაპიტანს მუხლზე ოპერაცია ელის და დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.

პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ესპანიოლთან 4:0 მოგებულ მატჩში კი ითამაშა, მაგრამ მეორე დღეს, სამედიცინო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მუხლზე გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. გადაწყვეტილია, რომ 25 მაისს, ქვეყნის თასის ფინალში ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ კაპიტანი ვერც ბარსელონას დაეხმარება.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიწვეულ მოთამაშეებს 27 მაისს დაასახელებს.

კარლეს პუიოლს ასიანთა კლუბის წევრობას ერთი მატჩი აშორებს: მისი დებიუტი ქვეყნის პირველ გუნდში 2000 წლის 15 ნოემბერს შედგა ჰოლანდიელთა წინააღმდეგ და მას შემდეგ ნაკრების მაისური 99-ჯერ მოირგო. 2008 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი ფიფას ოქროს თასი აღმართა. ამას გარდა მან ნაკრებში თამაშისას 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2009 წელს კი ფიფას კონფედერაციათა თასზე ბრინჯაოს დაეუფლა.

კომენტარები