რუსეთი

მოქალაქემ ჰომოსექსუალობის პროპაგანდის კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველმა ნიკოლაი ალექსეევმა სანქტ-პეტერბურგის სასამართლოში „არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალობის აგიტაციის“ ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ალექსეევის განცხადებით, აღნიშნული კანონი წინააღმდეგობრივია იმ საკანონმდებლო აქტისა, რომლის თანახმადაც ქალაქის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისუფალი შეხედულებები.

„ეს კანონი კრძალავს ჰომოსექსუალობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას.“ – აღნიშნა უმცირესობების უფლებათა დამცველმა.

ნიკოლაი ალექსეევი ცოტა ხნის წინ სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ "ჰომოსექსუალობის პროპაგანდისათვის" 5000 რუბლით დააჯარიმა.

აღნიშნული შემთხვევა პირველი პრეცენდენტია, როდესაც მოქალაქე ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის დარღვევისათვის დაჯარიმდა. 30 მარტს პეტერბურგში კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალობის აგიტაცია იკრძალება.

12 აპრილს ალექსეევი პეტერბურგის ადმინისტრაციის შენობასთან დააკავეს. მას ხელში აბრა ეჭირა, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო გამოსახული: - ”ჰომოსექსუალობა - ეს გარყვნილება არაა.”

 

კომენტარები