ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების პროგრამა წარადგინა

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პროგრამა წარადგინა. მისი თქმით,  ქვეყანაში სოციალური ვითარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის რეალური ნაბიჯები გადაიდგმება - ,,ჩვენ ვერ გპირდებით სასწაულს, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებთ’’, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ქართული ოცნება შეძლებს, უმუშევრობის პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანოს.

,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის დასაქმება. დავიწყებთ ბრძოლას სამართლიანი სასამართლოსთვის. ასევე, საქართველოს გათავისუფლებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში’’, - აღნიშნა  ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა: ,,ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას უფასო სადაზღვევო პაკეტს. საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი’’. მისივე თქმით, ქართული ოცნება იზრუნებს, რათა ყველა სოფელში ფუნქციონირებდეს სკოლა და პედაგოგებს საქმიანობის ღირსეულად შესრულების საშუალება მიეცეთ და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება. ,,რაც მთავარია, ჩვენი მოსვლის შემდენ პედაგოგებს ვერავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით’’, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული ოცნება იწყებს სოფლის ფეხზე დაყენებისთვის ბრძოლასაც. ,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს. შემუშავებული გვაქვს პროგრამები, რათა თითოეული გლეხი ფეხზე დავაყენოთ და ავაღორძინოთ სოფელი’’, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

კომენტარები