ეგვიპტე

ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს

კაიროში თავდამსხმელთა ჯგუფმა ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატის, აჰმედ შაფიკის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდა.

BBC-ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შტაბ-ბინიდან საარჩევნო პოსტერები და კომპიუტერები გამოიტანეს, შემდეგ კი შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ეგვიპტის საარჩევნო უწყებამ არჩევნების მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატის ვინაობა დაასახელა.

16-17 ივნისს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში, პრეზიდენტობისთვის მუსლიმთა საძმოს კანდიდატი მოჰამედ მორსი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი იბრძოლებენ.

კომენტარები