რუსეთი

რუსი მხატვარი Pussy Riot - ის ”ხატების” გავრცელებისთვის დააჯარიმეს

ნოვოსიბირსკის საქალაქო სასამართლომ რუსი მხატვარი არტემ ლოსკუტოვი მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის 500 რუბლით დააჯარიმა.

ჯარიმა ლოსკუტოვს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით აღძრულ საქმესთან, ნოვოსიბირსკის ქუჩებში გავრცელებულ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის გამოსახულებებთან დაკავშირებით დაეკისრა, რომელთაც მხატვარმა ხატები უწოდა.

”სასამართლომ დამნაშავედ მცნო მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაში. აღნიშნულ გაადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და მის გასაჩივრებას ვაპირებ.” - განაცხადა ლოსკუტოვმა Интерфакс - თან საუბარში.

ფემინისტური ჯგუფის,  Pussy Riot-ის გამოსახულებები, რომლის წევრებიც მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში განხორციელებული ”პანკ-ვედრების” გამო დააპატიმრეს, ნოვოსიბირსკში 11 მარტს გამოჩნდა.

არტემ ლოსკუტოვმა თავის ვებგვერდზე მის მიერ გადაღებული ფოტოსურათები სახელწოდებით ”Pussy Riot -ის არაჩვეულებრივი ხატები” გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, მან ჯგუფის გამოსახულებები ქალაქში სეირნობისას დაინახა და თავად მათ შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

რუსი მხატვარი, რომელიც ნოვოსიბირსკის ყოველწლიური ფლეშ-მობ აქციის, ”მონსტრაციის” ორგანიზატორია, 2010 წელს მარიხუანას შენახვისთვის 20 ათასი რუბლით დააჯარიმეს.

 

კომენტარები