ევ­რო 2012

რუსეთი 4:1 ჩეხეთი

A ჯგუფის მეორე მატჩს ვროცლავის მუნიციპალურმა სტადიონმა უმასპინძლა: ევრო 2008-ის ნახევარფინალისტმა რუსეთმა ჩეხეთი 4:1 გაანადგურა. ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე 1996 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს - ის  პაექრობა ფრედ 3:3 დასრულდა.

რუსებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს დიდი ანგარიშით - პოლონეთში ჩასვლამდე ამხანაგურ მატჩში იტალიას 3:0 სძლიეს.

24-ე წუთისთვის დიკ ადვოკაატის გუნდი ორი ბურთით იგებდა: მოსკოვის ცსკა-ს ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა ალან ძაგოევმა მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში, 24-ე წუთზე კი რომან შიროკოვმა გუნდის კაპიტნის ანდრეი არშავინის ბრწყინვალე პასის შემდეგ მეორედ დალაშქრა პეტრ ჩეხის კარი. ამ ორი მომენტის გარდა რუსებს საწყის წუთებში კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა, მაგრამ იმავე ძაგოევმა ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ ჩეხებმა მალევე შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა: 52-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილმა ვაცლავ პილარმა ლამაზად ჩამოიშორა მეკარე და ზუსტად დაარტყა, მაგრამ მისმა გუნდმა მატჩი მაინც სამი ბურთის სხვაობით წააგო:

79-ე წუთზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ალან ძაგოევმა მეორე გოლი გაიტანა - ანგარიში 3:1 გახდა. ცსკა-ს ნახევარმცველი პირველია, ვინც ამ ტურნირზე დუბლი შეასრულა.

82-ე წუთზე რომან პავლიუჩენკომ მეოთხედ დაამწუხრა ჩეხი გულშემატკივრები - საჯარიმოს კუთხეში მცველებს აჯობა და ლონდონის ჩელსის მეკარეს აუღებელი დაურტყა. პავლიუჩენკო ალექსანდრ კერჟაკოვის ნაცვლად ჩაერთო თამაშში - სანკტ-პეტერბურგის ზენიტის ფორვარდმა მანადე რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა.

„ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ რუსეთი ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ახლა ყველა დარწმუნდა ჩემს სიმართლეში. მიხარია, რომ პირველობა კარგად დავიწყეთ - მომდევნო შეხვედრაში მასპინძლებს ვხვდებით და იმედია, მეოთხედფინალის საგზურს გავინაღდებთ,“ - განაცხადა რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა.

A ჯგუფის ლიდერი რუსეთი პოლონეთს 12 ივნისს გაეჯიბრება.

კომენტარები