რუსეთი

რუსი დეპუტატის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

რუსული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფედერაციის პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, რათა კომუნისტური პარტიის დეპუტატის, ვლადიმირ ბესონოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, პარლამენტის წევრმა როსტოვის ოლქში გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პარტიის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და მას ”შეთხზულს” უწოდებენ.

გამოძიების ვერსიით, 2011 წლის 2 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ ბესონოვმა არასანქცირებული საპროტესტო აქცია გამართა. სამართალდამცავების თხოვნაზე, მონაწილეებს შეეწყვიტათ მიტინგი, ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საგამოძიებო კომიტეტი საქმის აღძვრას ”ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ძალის გამოყენების” მუხლით მოითხოვს.

 

კომენტარები