ეგვიპტე

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნება გადაიდო

ეგვიპტეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ტელეკომპანია იუწყება.

გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგები დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის განცხადებით, აუცილებელია დამატებითი დრო, რათა შესწავლილ იქნეს კანდიდატების მიერ შესული საჩივრები.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი – მუსლიმთა საძმოს მუჰამედ მურსი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი აცხადებენ, რომ აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს.

ეგვიპტეში ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რომელიც გასული წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, პირველად გააკეთა.

სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქვეყანას მუბარაქის გადადგომის შემდეგ მართავენ, განაცხადეს, რომ ეგვიპტის მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.

თავად ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქვეყნის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, უკანასკნელ დღეებში მკვეთრად გაუარესდა. იგი მაადის სამხედრო ჰოსპიტალში ინსულტის გადატანის შემდეგ გადაიყვანეს. მას აქტივისტების მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბარალად. 

კომენტარები