საქართველო-აშშ

უილიამ ბერნსი: აშშ და რუსეთი კვლავ ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე

საქართველო ისევ რჩება შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობაში ერთ-ერთ მთავარ შეუთანხმებელ საკითხად. ამის შესახებ წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

ბერნსის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი განმარტებით, მოსკოვთან შეუთანხმებელ საკითხებს შორისაა აგრეთვე, სირიაში არსებული ვითარება, ანტისარაკეტო თავდაცვა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემები. მისი განცხადებით, ანტისარაკეტო სისტემა აშშ-ის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოებას ემსახურება.

სიტყვით გამოსვლისას ჰილარი კლინტონის პირველმა მოადგილემ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოს ფაქტორზე ყურადღება. მან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველომ ვაჭრობის გაზრდის მიზნით მაინც დაუჭირა მხარი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

 

კომენტარები