ევროპის ლიგა 2012-2013

ჩვენი კლუბების მეტოქეები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის 2012-2013 წლების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა. მალე ამ ტურნირში სამი ქართული კლუბი ჩაერთვება: ვიცე-ჩემპიონი რუსთავის მეტალურგი, მესამეადგილოსანი ქუთაისის ტორპედო და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გორის დილა.

რუსთავის მეტალურგს ალბანეთის ტეუტა ერგო. პირველ თამაშს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი სტუმრად ჩაატარებს, 12 ივლისს კი მასპინძელი იქნება. წარმატების შემთხვევაში რუსთაველებს ჩეხეთის ვიქტორია გამოცდის. 19 ივლისს პლზენის კლუბი მეტალურგსა და ტეუტას შორის გამარჯვებულს დაუხვდება, 26 ივლისს კი სტუმრად ითამაშებს.

ქუთაისის ტორპედოს მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის აქტობეა. მატჩები 5 და 12 ივლისს გაიმართება. ტორპედო თავდაპირველად მეტოქეს უმასპინძლებს, შემდეგ კი სტუმრად ითამაშებს. აქტობესთან გამარჯვების შემთხვევაში ტორპედო მეორე ეტაპზე მოლდოვის მილსამის დაუპირისპირდება. მეორე ეტაპის თამაშები 19 და 26 ივლისსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მილსამი თბილისის დინამომ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციოში ორჯერ დაამარცხა - 2:0 და 3:1.

საქართველოს თასის მფლობელი გორის დილა პირდაპირ მეორე საკვალიფიკაციოდან ჩაერთვება ტურნირში. გორელები 19 ივლისს დანიის ორჰუსს ესტუმრებიან, 26-ში კი მეტოქეს დაუხვდებიან. დილა, რომელმაც თასის ფინალში ზესტაფონს სძლია, პირველად იასპარეზებს ევროპის საკლუბო ტურნირებში.

კომენტარები