საგარეო პოლიტია

გაერომ დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დღეს, 3 ივლისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ეგიდით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. აღნიშნულ დოკუმენტს დასამტკიცებლად საქართველო გენერალური ასამბლეის ყოველი წლის ივლისში წარადგენს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მხარდამჭრთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. თუ რეზოლუციას 2008 წელს მხოლოდ 14 ქვეყნა უჭერდა მხარს, დღეს მხარდამჭერთა რიცხვი სამოცია. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერამ აფრიკის და ცენტრალური ამერიკის რეგიონიდან იმატა. აფრიკის რეგიონში საქართველოს 7 ქვეყანა უჭერს მხარს. კარიბის ზღვის ქვეყნებში კი ექვსი. 

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 15-მა ქვეყანამ მისცა. მათ შორის რუსეთმა, კუბამ, ვენესუელამ და სომხეთმა. რუსეთის წარმომადგენელმა ასამბლეას მიმართა სიტყვით, სადაც საქართველოს სიტუაციის პოლიტიზების მცდელობაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს. 82-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა ტუვალუმ, რომელმაც ერთი წლის წინ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა აცნობიერებს ამ რეზოლუციის მნიშვნელობას და მხარს უჭერს ამ ჰუმანიტარული ინიციატივას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციას მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა აფრიკა და კარიბის ზღვის აუზი.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სერგი კაპანაძემ. 

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ კი აღნიშნა, რომ რეზოლუცია საყურადღებოა ვინაიდან ის საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში აქცევს. მისი თქმით გენერალური მდივნის მოხსენება აღნიშნული რეზოლუციის გარშემო არის პრაქტიკულად ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს იმ სურათს, თუ რა მნიშვნელობა აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში. „ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტრაექტორია, რომელიც რეზოლუციას გენერალური ასამბლეის უმრავლესობის მხარდამჭერას მოაპოვებინებს“ - განაცხადა მან ტაბულასთამ საუბარში.

კომენტარები