ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო 15-16 ივლისიდან პოლისების დარიგებას იწყებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 15-16 ივლისიდან სადაზღვევო პოლისების დარიგებას იწყებს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლისს 6 ათასამდე პენსიონერი, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და 100 ათასამდე სტუდენტი მიიღებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა, თუ სად შეუძლიათ მოქალაქეებს სადაზღვევო პოლისების მიღება. მისი თქმით, პენსიონერთა ის ნაწილი, რომელიც პენსიას "ლიბერთი ბანკში" იღებს, პოლისს პენსიასთან ერთად აიღებს, ნაწილი კი, ვისთანაც პენსია სახლში მიჰქონდათ, "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით ასევე სახლში მიიღებს.

ასეთივე ფორმით განხორციელდება პოლისების დარიგება იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც ანალოგიური მომსახურებით სარგებლობენ. ბავშვები და სტუდენტები პოლისებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიიღებენ, რეგისტრაციის მისამართის მიხედვით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც პენსიას არ იღებენ, დაზღვევის პოლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვის ცენტრში მიიღებენ.

მანანა მანჯგალაძის განარტებით, სადაზღვევო პოლისების დარიგება 15-16 ივლისიდან ეტაპობრივად განხორციელდება და 1 სექტემბრისთვის პროცესი დასრულებული იქნება.

 

კომენტარები