რუსეთი

Wikipedia-ს რუსული ვერსია პროტესტის ნიშნად დროებით გათიშულია

ინტერნეტ ენციკლოპედია Wikipedia-ს რუსული ვერსია პროტესტის ნიშნად 24 საათით გათიშულია. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც, ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებას მიანიჭებს ძალაუფლებას დაბლოკოს გარკვეული ინტერნეტ რესურსები. რუსეთის დუმა საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ, 11 ივლისს განიხილავს.

რუსეთის მთავრობის განმარტებით, სამართალდამცავებს სჭირდებათ დამატებითი უფლებამოსილებები ბავშვთა პორნოგრაფიის, ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და თინეიჯერთა შორის თვითმკვლელობის პოპულარიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ ინტერნეტის მომხმარებლები და ადამიანთა უფლებათა დამცველები ახალ კანონს ჩინეთის დიდ ფაიერვოლს ადარებენ, რომლის მიზანი ონლაინ ცენზურაა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა განმარტებით, მთავრობას მიენიჭება გამოცხადებული მიზნების მისაღწევად საჭიროზე მეტი ძალაუფლება, შედეგი კი რუსულ ონლაინ სივრცის ცენზურა იქნება.

თუ დუმა საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, მაშინ შეიქმნება ახალი სამთავრობო უწყება, რომელიც შესაბამისი ინტერნეტ რესურსების დაბლოკვაზე იქნება პასუხისმგებელი.

პროტესტის ნიშნად 2012 წლის იანვარში Wikipedia-ს ინგლისური ვერსიაც იყო გათიშული. მაშინდელი პროტესტი SOPA-ს (Stop Online Piracy Act) - ონლაინ მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონპროექტისადმი იყო მიმართული. საბოლოოდ ამერიკის კონგრესში აქტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

კომენტარები