ინდოეთის ოკეანეში მდებარე მრავალი კუნძულისგან შემდგარ, ტურისტებისთვის მიმზიდველ მალდივის რესპუბლიკას პოლიტიკურად ცხელი ზაფხული უდგას. თებერვალში სახალხო გამოსვლების შედეგად სათავეში მოსული ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აჭიანურებს. პოლიტიკური გამარჯვებისთვის ერთმანეთს ებრძვიან ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ ნაშიდის მეთაურობით, ამჟამინდელი პრეზიდენტი, უსაფრთხოების შენაერთები და სასამართლო ხელისუფალნი.
ოპოზიცია ქვეყნის ყოფილი მეთაურის, მოჰამედ ნაშიდის თაოსნობით ადმინისტრაციის წინააღმდეგ აგრძელებს გამოსვლებს. ნაშიდი მალდივების პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თებერვლის საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადადგა, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო გადატრიალება. ნაშიდს მალდივების მანდელასაც უწოდებენ. იგი პრეზიდენტ მაუმუნ აბდულ გაიუმის 30-წლიანი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და შეძლო კიდეც მისი დამარცხება.
თებერვლის რევოლუციას ნაშიდი აფასებს სამხედრო გადატრიალებად, რომელიც, მისი თქმით, რადიკალმა მუსლიმებმა და მის წინააღმდეგ განწყობილმა ბიზნესმენებმა დაგეგმეს. ის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან კანონით გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს: „ჩვენ არ გვსურს არსებული მთავრობის ჩამოგდება, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს”, – განაცხადა ვაშინგტონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ნაშიდმა, რომელმაც ივნისის დასაწყისში მალდივის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო მანდატი კიდევ ერთხელ მოიპოვა.
პრეზიდენტ მუჰამედ ვაჰიდის განცხადებით, მაშინაც კი, თუ დამტკიცდება, რომ თებერვლის მოვლენები სამხედრო გადატრიალება იყო, თანამდებობას მაინც არ დატოვებს. საპასუხოდ, ვაჰიდი ყველანაირად ცდილობს არჩევნების გადაწევას. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ნაშიდის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაკავებას მოითხოვს (დეკემბრის საპროტესტო გამოსვლებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო შეთქმულებაში ბრალდების და 21 დღით დაპატიმრების გამო).
ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოებაც, მათ შორის ევროკავშირი, ამერიკა და ინდოეთი. თუმცა, პრეზიდენტ ვაჰიდის თქმით, არჩევნების დანიშვნა მხოლოდ შემდეგი წლის აპრილისთვის იქნება შესაძლებელი – ამის მიზეზად მას წინასაარჩევნო სამუშაოები და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მოჰყავს. თანამეგობრობის 54 წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა მხარეების შეუთანხმებლობის გამო.
ზოგიერთი მოსაზრებით, პრეზიდენტ ვაჰიდის უკან გაიუმი დგას და სწორედ ის კარნახობს ნაბიჯებს ქვეყნის ლიდერს. ცოტა ხნის წინ გაიუმმა განაცხადა, რომ არჩევნების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნები უკვე გულის შემაწუხებელია. თავად ვაჰიდის თქმით, გასათვალისწინებელია პოლიტიკური სიტუაცია, ვინაიდან დიდი პარტიები არჩევნებისთვის ჯერ მზად არ არიან და ეს ქვეყანას ჩიხში შეიყვანს. სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მქონე პრეზიდენტი, ალბათ, თვლის, რომ არსებული სიტუაცია ჯერ ჩიხამდე არ მისულა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
საინტერესოა ისიც, რომ მალდივის კუნძულებზე პოლიტიკის წარმართვისას დიდ როლს თამაშობენ ისლამური რადიკალური ჯგუფები და არსებული ხელისუფლებაც ხშირად გამოდის რელიგიური მოწოდებებით. მალდივებზე ისლამის გარდა სხვა რელიგიის აღმსარებლობა აკრძალულია და ქვეყნის მოქალაქეც მხოლოდ მუსლიმი შეიძლება გახდეს.
მალდივები ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ინდოეთისგან იღებს დახმარებას. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა. ეს ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ტურისტების რიცხვი ამ წლისთვის არ გაზრდილა, ინფლაცია 16 პროცენტს აღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 27 პროცენტია.