კახეთი

კახეთში სამთავრობო შტაბის სხდომა გაიმართა

კახეთში სამთავრობო შტაბის საგანგებო სხდომა გაიმართა.  სხდომას იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უძღვებოდა.

ადეიშვილმა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში მიმდინარე სამუშაოების ანგარიში ჩაიბარა. სხდომაზე გაირკვა, რომ მოსახლეობაში დაწყებულია სასურსათე პაკეტების დარიგება. პაკეტში შედის შაქარი, ფქვილი და ზეთი.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხვალ დილამდე დახმარებას ყველა დაზარალებული მიიღებს.

სტიქიის ზონაში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს პრეზიდენტი სააკაშვილიც. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომელიც სტიქიით დაზარალებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის გადავადებას ითვალისწინებს. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აღებული საბანკო კრედიტს, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, გლეხებს მისი დაფარვა გადაუვადდებათ. ამ პერიოდში დაგროვილ საპროცენტო თანხას კი სახელმწიფო დაფარავს.

კახეთში, სპეციალურ ბრიგადებთან ერთად, იმყოფებიან შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. თელავში დასუფთავების სამუშაოებში ჩართულნი არიან სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოხალისეებიც. ამჟამად რეგიონში აღდგენილია გაზითა და წყლით მომარაგება, მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

ზარალის კომპენსაციების საკითხს პარლამენტი სამშაბათს, 24 ივლისს განიხილავს.

 

 

კომენტარები