არჩევნები 2012

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ 3.5 მილიონამდე ამომრჩეველი გადაამოწმა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ კარდაკარ პროგრამის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემები გადაამოწმა. კომისიამ ჩატარებული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია 31 ივლისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მოაწყო. კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის თქმით, კომისია სიების დაზუსტებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს და საბოლოო ვერსიას 15 სექტემბერს გამოაქვეყნებს. 

კომისიის განახლებული მონაცმების მიხედვით, წინა სიიდან გარდაცვლილია 25 949, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 , შიდა მიგრაციაშია 649 839 ამომრჩეველი, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც. მან სიების გადამოწმებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ჩატარებული სამუშაოების გამო ეჭვი აღარავის შეეპარება საარჩევნო სიების სიზუსტეში.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის პარალელურად კარდაკარ პროგრამას ახორციელებენ "ამომრჩეველთა ლიგა" და კოალიცია "ქართული ოცნება". მამუკა კაციტაძის თქმით, ალტერნატიული კარდაკარის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ კომისიისთვის და უზუსტობების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

კომენტარები