არჩევნები 2012

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საკაბელო მაუწყებლებს მათი ვალდებულებები განუმარტა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საკაბელო მაუწყებლებს must carry-ს პრონციპის ამოქმედებასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულებები განუმარტა. შეხვედრა მაუწყებლებსა და კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს შორის 1 აგვისტოს, მარეგულირებელ კომისიაში შედგა.

დღეს ცნობილი გახადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება. ხვალიდან ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდი იწყება. შესაბამისად must carry-ს პრონციპიც ხვალიდან ამოქმედდება, რომლის თანახმად, ყველა საკაბელო კომპანიამ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა სატელიტური და რეგიონალური ზოგადი მაუწყებლობის ლიცენზის მქონე ტელეარხის ტრანსლირება უნდა უზრუნველყოს.

 როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა, კახი ყურაშვილმა განაცხადა, არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან ერთად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის ამოქმედდა ვალდებულებები, რომელიც საკაბელოების მიერ ტელეკომპანიების სამაუწყებლო ბადეში ჩასმას ითვალისწინებს.

ყურაშვილის განმარტებით, საკაბელოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებლებამდე იმ სამაუწყებლო არხების სიგნალის მიტანა, რომელთაც საერთო მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნიათ. მისი თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა საკაბელო მაუწყებლების ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები და ტელეკომპანიებს შეუძლიათ, მათ განაცხადით მიმართონ.

საკაბელო მაუწყებლებმა სამი დღის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს ტელეკომპანია და უნდა უზრუნველყოს სიგნალის გავრცელება. თუ სამი დღის ვადაში საკაბელოს მიერ ტელეკომპანიის ბადეში ჩასმა არ მოხდება, ტელეკომპანიას შეუძლია ეს ფაქტი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივროს. "სანქციები არის ძალიან მკაცრი, პირველი არის გაფრთხილება, მეორე - მთლიანად ავტორიზაციის შეჩერება", _ განაცხადა კახი ყურაშვილმა.

როგორც დღეს მაესტროს გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებდა, ტელეკომპანიამ საკაბელო კომპანიების წარმომადგენელს წერილობით უნდა აცნობოს მაუწყებლობის სურვილის შესახებ. იგი შიშობდა, რომ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება და საკაბელო საშუალებით მაუწყებლობის დაწყება გაჭიანურდება.

 

კომენტარები