საფრანგეთი

ფრანგულმა პოლიციამ ბოშათა არალეგალური ბანაკების დაშლა დაიწყო

ფრანგულმა პოლიციამ ბოშათა არალეგალური ბანაკების დაშლა დაიწყო. მიზეზი საფრანგეთის მთავრობის ახალი ინიციატივაა საჯარო სანიტარული ზომების შესახებ.

9 აგვისტოს დილით პოლიცამ ქალაქ ლილთან მდებარე ორი ბანაკი დაშალა, იქამდე კი პარიზისა და ლიონის შემოგარენში მდებარე ბანაკები აიღეს.

ბანაკების აღების შემდეგ დაახლოებით 240 ბოშა, მათივე თანხმობით, თვითმფრინავით ბუქარესტში გაამგზავრეს. მათ რუმინეთში გამგზავრების სანაცვლოდ ფინანსური კომპენსაციაც მიიღეს.

კრიტიკოსების განცხადებით, საფრანგეთის ახალი მთავრობა ბოშათა წინააღმდეგ მოქმედებებით წინამორბედ, ნიკოლა სარკოზის მემარჯვენე მთავრობას ბაძავს.

ბანაკების აღების მიზეზი მათი სანიტარიული მდგომარეობაა. ბანაკების დიდი ნაწილი მუშათა კლასის ადამიანების საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიაზეა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ბანაკები, რომელთა სანიტარული მდგომარეობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ადგილობრივი თემების ცხოვრების წესს უქმნის საფრთხეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ სპეციალური ზომებია მიღებული ბავშვებისა და ორსული ქალების დაბინავებისთვის.

2010 წელს სარკოზის მთავრობამ ბოშათა ბანაკები დაშალა და მათი მაცხოვრებლები რუმინეთში გაასახლა. სარკოზის მოქმედებებს ევროკომისიის კრიტიკა მოჰყვა.

ბოშები ევროკავშირის მოქალაქეები არიან, ძირითადად რუმინეთიდან ან ბულგარეთიდან. მაგრამ ფრანგული კანონები მათ ავალდებულებენ სამუშაო უფლების მოპოვებას. ამას გარდა, ბოშებს, საფრანგეთში სამ თვეზე მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში, მოეთხოვებათ საარსებო სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. 

კომენტარები