კალათბურთი

კოკოშკოვმა პირველი წრე შეაჯამა

დღეს, ქორთიარდ მერიოტში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენცია გამართა. სერბმა სპეციალისტმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყების შემდეგ ქართული მედიისათვის პირველად გააკეთა კომენტარი და პირველი წრის შედეგები შეაჯამა. მასალას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე დაყრდნობით გთავაზობთ.

„თუკი ტურნირის დაწყებამდე შემომთავაზებდნენ, რომ პირველი წრის შემდეგ 4 თამაშიდან 3 მოგება გექნებაო, დავთანხმდებოდი.“ - აღნიშნა კოკოშკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს, ქართველი კალათბურთელები, მოულოდნელად ჯგუფის აუტსაიდერ ჰოლანდიის ნაკრებთან დამარცხდნენ. კოკოშკოვმა ამ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

„სანიკიძე გვაკლდა, რომელიც ამ გუნდში საშუალოდ 30 წუთი თამაშობს. მისი არყოფნა სათადარიგოებით უნდა აღმოფხვრილიყო. იყო მომენტები, როცა ფაჩულია და შერმადინი მოედანზე ერთად იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ სანიკიძის სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოხერხდა.“

ჟურნალისტებმა ნაკრების მწვრთნელს, გუნდის მოკლე სკამზეც ჰკითხეს და მის მიერ არ გამოძახებულ ცქიტიშვილ-ბოისაზეც.

„მე შემეძლო ისინი გუნდში ამეყვანა და ყოფილიყვნენ განაცხადში, მაგრამ მათ არ მოუწევდათ თამაში. თორნიკე (შენგელია.რედ) ახალგაზრდაა და აქცენტი მასზე გაკეთდა“

საინტერესო იყო კოკოშკოვის პოზიციის მოსმენა საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების თავკაცობის გარდა, ნაციონალური საკალათბურთ ასოციაციის (NBA)  გუნდის „ფენიქს სანზი“-ს დამხმარე მწვრთნელიცაა და აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ვერ ესწრება.

„ეს არის ნბა-ს მწვრთნელების პრობლემა. ნბა-ში მუშაობის გამო ვერ ვახერხებ, რომ საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ჩამოვიდე. ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩემს მინუსად. მე დიდად ვენდობი ჩემს ასისტენტებს - დავით უსტიაშვილს და კოტე ტუღუშს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას ‘

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩებს, სექტემბერში გამართავს.

 

2 სექტემბერი: რუმინეთი - საქართველო

5 სექტემბერი: საქართველო - ბოსნია

8 სექტემბერი : ლატვია - საქართველო

11 სექტემბერი: საქართველო - ჰოლანდია

კომენტარები