ახალქალაქი

სერგო რატიანი: ქართული ოცნების ქმედებები ქსენოფობიურ განწყობას ამკვიდრებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრმა, სერგო რატიანმა, დღევანდელ ბრიფინგზე ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მისი თქმით, კოალიცია ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებები, საქართველოში ქსენოფობიური განწყობების დამკვიდრების სურვილზე მიუთითებს.

,,სიძულვილის ენა აერთიანებს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ ქართული ოცნების ლიდერებს. მათი ბოლოდროინდელი ენა გვაფიქრებინებს, რომ მიზანია, დაამკვიდრონ საქართველოში ქსენოფობიური განწყობები და ეთნიკური შუღლი. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გასცეს პასუხი ამომრჩეველს, არის თუ არა ეს მისეული ქართული ოცნება, თუ ეს არის უკვე ახდენილი რეალობა და ის, რითაც ჩვენ, ქართველებმა უნდა ველაპარაკოთ 21-ე საუკუნეში ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ უნდა შევახსენოთ ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების ლიდერებს, რომ ქართველი ხალხისთვის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და აღმსარებლობის წარმომადგენელი არ არის უცხო, ის არის ქართველი ერისა და სახელმწიფოს წარმომადგენელი."- განაცხადა სერგო რატიანმა. 

გუშინ ღამით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე კომისიის წევრებმა- მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და ქართული ოცნების წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ.

ბეჟან გუნავა ამ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, აგრესიულად განწყობილი თავად კომისიის თავმჯდომარე იყო და ქართული ოცნების კომისიის წევრებს ხელიც კი გაარტყა.  

კომენტარები