არჩევნები2012

NDI: მთავრობის გეგმის შესახებ 47%-მა იცის, ივანიშვილის გეგმის შესახებ - 22%-მა

NDI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი განწყობის  კვლევაში მოცემულია გამოკითხულთა აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით, მერაბიშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას ეთანხმება გამოკითხულთა 63% , ხოლო არ ეთანხმება - 16%.

გამოკითხულთა 52% -ის აზრით, ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შედეგად პრემიერ მინისტრის როლი მთავრობაში გაძლიერდება. 2% თვლის, რომ ის დასუსტდება, 15% ფიქრობს, რომ არ შეიცვლება.

რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის 4 წლიან გეგმას, მის შესახებ 47%-მა იცის, 46%-მა კი - არა.

ამ გეგმის მცოდნეთა 26%-ისთვის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი 1000 ლარიანი ვაუჩერია, 20%-ისთვის სამუშაო ადგილები, 19%-ისთვის კი სოფლის მეურნეობა. ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე მნიშვნელოვნად 6% მიიჩნევს, სიღარიბეს - 4%, სიტყვის თავისუფლებასა და რუსეთთან ურთიერთობას - 1%. გეგმას მხარს უჭერს გამოკითხულთა 85%. არ უჭერს - 9%.

27 მაისს ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“. შეკითხვაზე, იციან თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ, 22% დადებითად პასუხობს, 66%-მა კი მის შესახებ არ იცის. მცოდნეთაგან გეგმას მხარს უჭერს 82%, არ უჭერს - 11%.

გამოკითხულთა 75%-მა იცის დასაქმების სამინისტროს დაარსების შესახებ, 68% მის დაარსებას ეთანხმება. 48%-ის აზრით, ეს გააუმჯობესებს დასაქმების მდგომარეობას საქართველოში.

გამოკითხულთა 73%-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახემწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად, ბიძინა ივანშვილი დაჯარიმდა 74 მილიონი ლარით გლობალ tv-სთან დაკავშირებულ საქმეზე. სახელმწიოფ აუდიტის ამ ქმედებას ეთანხმება 16%, არ ეთანხმება 41%, ჩამოუყალიბებელია 39%.

67%-ს აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიერ მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ. ამ ქმედებას ეთანხმება 14%, არ ეთანხმება 44%.

Mast carry-ს შესახებ იცის 31%-მა, მათგან 46% ეთანხმება ამ ვალდებულების არსებობას, 6% არ ეთანხმება. 47% თვლის, რომ ეს ვალდებულება არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდშიც უნდა გავრცელდეს.

რაც შეეხება ივლისში მომხდარ წყალდიდობას კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში: 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მეირ გაწეული დახმარება ადექვატური იყო, 17%-ის აზრით - არა.

კითხვაზე, იცნობთ თუ არა პირადად ვინმეს, ვინც, თქვენი აზრით, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს საჯარო სამსახურიდან, 79% პასუხობს, რომ ასეთ ადამიანს არ იცნობს, 14% ამბობს, რომ იცნობს.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 31 ივლის-12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2038 რესპოდენტმა მიიღო, კვლევის ცდომილება 3%-ია.

 

კომენტარები