არჩევნები 2012

ივანიშვილი: პუტინს რომ გაეგო, სააკაშვილს ვხვდებოდი, ჩემი ბიზნესი მეორე დღესვე დამთავრდებოდა

"პუტინს რომ გაეგო სააკაშვილს ვხვდებოდი, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დამთავრდებოდა," განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა The Independent-ს, რომელმაც ქართული ოცნების ლიდერის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

სტატიაში ივანიშვილი მისი და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებაც საუბრობს. "იყო დრო, სააკაშვილი დღეში 50-ჯერ მირეკავდა! მე ვეუბნებოდი 'მიშა ნუღარ მირეკავ, აღარ შემიძლია!'" ივანიშვილი ამბობს რომ წესი ჰქონდა თბილისში, მოსკოვსა და პარიზში - მისი სახლი მხოლოდ ოჯახისთვის და რამდენიმე ბიზნესპარტნიორისთვის, რომლებიც მის მეგობრებად იქცნენ, იყო განკუთვნილი. "ბიზნესში მიღებულია, რომ პარტნიორი სახლში დაპატიჟო, ოჯახები დამეგობრდნენ, ბიზნესს ეხმარება. ჩემთვის სახლი წმინდაა. ბიზნესპარტნიორებსაც არ ვუშვებდი, სააკაშვილს კი არა! პუტინს რომ გაეგო მას ვხვდებოდი, მეორე დღესვე ჩემი ბიზნესი რუსეთში დამთავრდებოდა." 2008 წლის აგვისტოს ომამდეც კი, მოსკოვში განსაკუთრებული ეჭვით ეკიდებოდნენ სააკაშვილის ნატოსკენ მიმართულ პოლიტიკას, და ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სახლთან მიფრინდებოდა ხოლმე ვერტმფრენით, სადაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდა, რათა რუსეთის მთავრობას არაფერი გაეგო. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი აგრძელებდა ივანიშვილისთვის სახლში დარეკვას, ამბობს მილიარდერი. "ერთხელ დამირეკა და მითხრა, 'შენს სახლთან ბოტანიკურ ბაღში ვარ და ხომ არ ამოვიდე ფეხით?' სხვა დროს შემომთავაზა ჟიგულით მოვალ, არავინ არაფერი რომ არ იეჭვოსო. არავითარ შემთხვევაში მეთქი." ივანიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველკვირეულად ხვდებოდნენ, მაგრამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მას არ მოსწონდა სააკაშვილის პოლიტიკური კურსი, და ამიტომ პრეზიდენტთან კონტაქტი შეწყვიტა. "ვუთხარი, სიმ ბარათს ვცვლი და აღარ დამირეკო,  არ მინდა პოლიტიკოსობა და შენ მაქციე-მეთქი. პოლიტიკაში რომ აღარ იქნები ვიმეგობროთ, მაგრამ ახლა ვეღარ შევხვდებით-მეთქი. ეცადა ჩემი აზრი შეეცვალა, თავისი ცოლიც კი გამოუშვა ჩემთან სასაუბროდ, მაგრამ მე უარი ვთქვი,"" ვკითხულობთ გამოცემაში.

სტატიაში ივანიშვილი სააკაშვილს "მხდალს" და "პროფესიონალ მატყუარას" უწოდებს. თუმცა სტატიის ავტორის თქმით, ქართული ოცნების მთავარი ბრალდება სააკაშვილის მიმართ ის იყო, რომ პრეზიდენტმა სიყვარული არ იცის რა არის. ავტორი ასევე ადარებს საქართველოს ივანიშვილისა და სააკაშვილისეულ ხედვებს: "ივანიშვილის თანამედროვე საქართველოს აღწერა იმდენად განსხვავდება სააკაშვილის აღწერისგან, რომ გეგონება ეს ორი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაზე საუბრობს. სააკაშვილის ხალხი საუბრობს აყვავებულ დემოკრატიაზე, რომელიც ევროპის კარზე აკაკუნებს, რომელშიც საბჭოთა მენტალობა გაქრა ეფექტური რეფორმების წყალობით და შეიცვალა მერიტოკრატიით. ივანიშვილის გუნდი საქართველოს ტოტალიტარულ სახელმწიფოს უწოდებს, რომელშიც სააკაშვილის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები ხელში ჩაიგდო, აკონტროლებენ მედიის მნიშვნელოვან ნაწილს და მცირე კრიტიკის მიმართაც კი ძალიან მგრძნობიარენი არიან. სინამდვილე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ორ უკიდურესობას შორისაა. ის ფაქტიც კი, რომ ივანიშვილს და მის ოპოზიციას შეუძლია საჯაროდ ასეთი კრიტიკა პატიმრობის ან უარესის შიშის გარეში, სააკაშვილის საქართველოს მიღწევაა - მეზობელ ქვეყნებში ასეთი გახსნილობა წარმოუდგენელია."

ივანიშვილი ჟურნალისტთან გამდიდრებაზეც საუბრობს. ყვება როგორ შექმნა ბანკი "როსიისკი კრედიტი". ის ამტკიცებს, რომ ბანკი საეჭვო საქმიანობაში არასოდეს ყოფილა ჩართული, თუმცა ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ მისი მოსკოვური წყაროები ამ ნათქვამზე იცინიან და ამბობენ, რომ ივანიშვილის ბანკი "ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცულია რუსეთში."

ივანიშვილმა ჟურნალისტი თავის ზღვისპირა სახლში მიიღო, სადაც მას თავისი ცხოველებიც აჩვენა. "სულ 8 ჯიშის ფარშევანგი არსებობს, ყველა მყავს," განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტს. 

კომენტარები