დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ტომას მელიამ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
ტომას მელიამ საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ხარვეზების მიუხედავად, ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.
,,ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე ლიდერს. ამერიკის მთავრობა განაგრძობს თანამშრომლობას ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერთან. მომავალი არჩევნები საქართველოსთვის შანსია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წინსვლისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნების სამართლიანად აღქმა.’’-განაცხადა ტომას მელიამ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საარჩევნო პროცესისთვის მნიშნელოვანი ხუთი პრინციპი დაასახელა. მისი თქმით, პირველი და უმთავრესი პრინციპი თანაბარი საარჩევნო ველის არსებობაა, მეორე პრინციპია კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება, მესამე - ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, მეოთხე - მასმედიის ხელმისაწვდომობა, ხოლო მეხუთე კონსტრუქციული ჩართულობა.
..გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ ძალადობისგან, ასევე სამართალდამცავები იმოქმედებენ პროფესიონალურად, რათა არჩევნები და მისი შემდგომი პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს.’’ - აღნიშნა ტომას მელიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია, ტომას მელიას ხელმძღვანელობით საქართველოს 10 სექტემბერს, წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ეწვია.
დელეგაციამ სამდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დაასრულა.