მუსლიმური სამყარო

შიიტური მოძრაობის ლიდერმა ლიბანის მოსახლეობას აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

რადიკალური შიიტური დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერი, შეიხი ნასრალა ლიბანის მოსახლეობას აშშ–ში გადაღებული ანტიისლამური ფილმის საპასუხოდ ახალი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს.

შიიტური მოძრაობის ლიდერმა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „მუსლიმური სამყარო შეურაცხყოფას ჩუმად არ აიტანს“. მისი თქმით, „აღნიშნული ფილმი მუსულმანებისთვის წარმომოუდგენლი შეურაცხყოფაა.“ შეიხის თქმით, იგი ლიბანში რომის პაპის ვიზიტის დასრულებას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა მოსახლეობას მოწოდებით.

„ისინი, ვინც ამ ფილმის უკან დგანან, ისინი ვინც მისი შემქმნელების უკან დგანან, მათ იცავენ, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, პასუხი უნდა აგონ და დაისაჯონ.“ – განაცხადა შეიხმა.

აშშ–ში გადაღებულმა სამოყვარულო ფილმმა მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუსლიმურ სამყაროში, ანტი-ამერიკული აქციები გაიმართა ლიბიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირნაში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში. დემონსტრაციები გაიმართა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც, სადაც გამოსვლები შეიხის მიმართვის შემდეგ, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზის, ფილმ ისლამის უცოდველობის ზუსტი შემქმნელი ჯერჯერობით ცნობილია არაა, თუმცა აშშ–ში აცხადებენ, რომ ფილმის რეჟისორი კალიფორნიაში ცხოვრობს.

11 სექტემბერს ლიბიაში ქალაქ ბენღაზიში აშშ–ის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ამერიკელი დიპლომატები დაიღუპნენ. მომხდართან დაკავშირებით ლიბიის მთავრობამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა.

 

კომენტარები