კრიმინალი

ნაციონალური მოძრაობა გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრეს. იმავდროულად, აღშფოთება გამოთქვეს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისა და ნაციონალური მოძრაობის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო.

სამძიმარი გარდავლილი ბავშვის ოჯახს საგანგებო ბრიფიბნგზე ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გამოუცხადა.

"პოლიცია გაარკვევს ყველაფერს. მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ ეს არის არანორმალური სიბინძურე და შეურაცხმყოფელია, როდესაც კონკრეტული ძალა და კონკრეტული ადამიანები ამ ტრაგიკულ შემთხვევას იყენებენ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის. არაფერი საერთო არ აქვს ამას ადამიანობასთან. ჩვენ ვართ აღშფოთებულები და ვეკითხები მანანა ბერიკაშვილს და მის ტელევიზიას, რომელ ავადმყოფურ გონებაში შეიძლება მოეძებნათ ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს. თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები გურჯაანში მომხდარი ფაქტის ამგვარი შეფასებით ადამიანების ბედით თამაშობენ და წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის იყენებენ.

თავის მხრივ, პარლამენტის წევრმა გიორგი გაბაშვილმა მე-9 არხის ეთერში ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებებს „გაუგონარი უსინდისობა“ უწოდა. „ადამიანს რომ ჩვილი ბავშვის მკვლელობა დააბრალო... რას აკეთებთ, რა მეთოდებით იბრძვით, რაზე აგებთ პოლიტიკურ კაპიტალს?“, - მიმართა კოალიციის წევრებს გაბაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარის დეტალებს მალე გამოძიება გაარკვევს.

ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი ცრუ დასმენისათვის.

"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ ძალიან მძიმე ფაქტია. უფრო მძიმეა, რომ ამ საშინელ ფაქტს მანანა ბერიკაშვილი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს", – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

 10 თვის ბარბარე რაფაიანცი 30 სექტემბერს საღამოს საკუთარ სახლში ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკავშილმა ამაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძპრაობას დააკისრა, რომლის წარმოამდგენლები, მისი თქმით, ბავშის დეიდას - ქართული ოცნების კოორდინატროს, ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

 

კომენტარები