არჩევნები2012

ივანიშვილი: ქართველი ხალხი დღეს გამოცდას ჩააბარებს

„ქართველ ხალხს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი. ქართველმა ხალხმა დიდი გაჭირვება გამოიარა, მაგრამ 20-წლიანმა პოლიტიკურმა კულტურამ მას მისცა გამოცდილება და დღეს გამოცდას ჩააბარებს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს კოჯრის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანში მივიდა, სადაც მისმა მეუღლემ ხმა მისცა. კითხვაზე, თუ რამდენ პროცენტს ელოდება დღევანდელ არჩევნებზე, ივანიშვილმა განაცხადა რომ დეპუტატთა 2/3 აუცილებლად კოალიციიდან იქნება: „ეს მხოლოდ ნაწილობრივი დემოკრატიის პირობებში. აქ რომ სრულად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ალბათ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში საერთოდ ვერ შევიდოდა“ - განაცხადა მან. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ-ჯერობით რაიმე სერიოზული დარღვევის გარეშე მიმდინარეობს. 

ივანიშვილმა კომენტარი  გუშინ გურჯაანში მომხდარი ფაქტის შესახებაც გააკეთა და მას ტრაგიკული შემთხვევა უწოდა. „მანანა ბერიკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, გუშინ ღამე ორჯერ დამირეკა. არ გჯერათ რომ ეს ხელისუფლება ამის გამკეთებელიცაა ? ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები. დაღუპული ბავშვის მამას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ და მეორე დღეა, კითხავენ“

საკუნსტიტუციო ცვლილებით, ივანიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, თუმცა, როგორც ცნობილია, ქართული ოცნების ლიდერი ამ უფლებით სარგებლობას არ აპირებს.

 

კომენტარები