ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის უმრავლესობა დაასახელა

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრის - სოზარ სუბარი.

ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურა დაასახელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - დავით კირვალიძის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი ლევან ყიფიანის კანდიდატურა.

ირაკლი ალასანია კოალიციის ლიდერმა აგრეთვე, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა, ხოლო კახა კალაძე მეორე ვიცე-პრემიერის პოსტზე.

საგარეო საქმეთა მინისტრად ბიძინა ივანიშვილმა მაია ფანჯიკიძე წარადგინა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად გურამ ოდიშარია, ჯანდაცვის მინისტრად - ამირან გამყრელიძე. დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.

ამ ეტაპზე უცნობია ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატურები. ასევე, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სავარაუდოდ, გაუქმდება.

 

კომენტარები