რუსეთი

სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსი ოპოზიციონერის, სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლი ვლადიმერ მარკინი აცხადებს, სერგეი უდალცოვისა და სხვა პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ფილმ ”პროტესტის ანატომია 2”-ში მოყვანილი ფაქტების შემოწმების შემდეგ აღიძრა.

სერგეი უდალცოვს, კონსტანტინ ლებედევს და ლეონიდ რაზვოზჟაევს მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

5 ოქტომბერს ტელეარხ НТВ-ს ეთერში გასულ ფილმში ,,პროტესტის ანატომია 2'' საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიცია ხელისუფლების გადაყენებას უცხოეთიდან შემოსული ფულის საშუალებით გეგმავს.

როიტერის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ხვდება  უდალცოვი ქართველ პოლიტიკოსს, გივი თარგამაძეს და ისინი ,,სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე მსჯელობენ''.

ისევე როგორც თავად უდალცოვმა, გივი თარგამაძემაც ეს ინფორმაცია უარყო. 

,,უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ათობით ადამიანს შევხვდი - მათ შორის ქართველებს, ბელორუსებსა და უკრაინელებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. პოლიტიკური ფიგურისთვის ეს სავსებით ნორმალურია. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვეძებდით ბიზნესმენებს, რომლებიც მემარცხენე ფრონტს დააფინანსებდნენ, მაგრამ არასოდეს განგვიხილავს რაიმე ტიპის ძალადობრივი აქციები და არ მიგვიღია ინსტრუქცია ან დაფინანსება რომელიმე უცხოური სპეცსამსახურისაგან.''-აცხადებს სერგეი უდალცოვი. 

კომენტარები