ცოტა ხნის წინ, ნორვეგიულმა ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, 2012 წლის მშვიდობის პრემია მიენიჭოს ევროკავშირს იმისთვის, რომ „უკანასკნელი 6 დეკადის მანძილზე კავშირმა და მისმა წინამძღვრებმა ხელი შეუწყვეს მშვიდობის დამყარებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას ევროპაში”. გადაწყვეტილებამ ერთნაირად გააკვირვა მემარჯვენე და მემარცხენე ფლანგი. ეს ჯილდო, ათენისა და მადრიდის ქუჩებში ევროკავშირის საწინააღმდეგო გამოსვლების ფონზე, ნამდვილად გასაკვირია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თავად ნორვეგიამ, რომლის პარლამენტიც ნობელის კომიტეტს აკომპლექტებს, ორჯერ თქვა უარი ევროკავშირში შესვლაზე.
„ამას დღეს ალბათ ათენში აღნიშნავენ”, – იხუმრა ედ ბოლსმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდან. ანგელა მერკელმა მომხდარს „მშვენიერი გადაწყვეტილება” უწოდა, ხოლო ოლანდმა – „უდიდესი პატივი”. დევიდ კამერონმა, რომლის პარტიაც ევროკავშირისადმი ცივადაა განწყობილი, კომენტარი არ გააკეთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნეს, რომ „[პრემია] ამ სირთულის ჟამს აჩვენებს, რომ ევროკავშირი მთელ მსოფლიოში ინსპირაციად რჩება ლიდერების და მოქალაქეებისთვის”. ჰოლანდიელმა ევროსკეპტიკოსმა ხეერტ ვილდერსმა კი ჩვეული ტაქტიკით განაცხადა: „ნობელის პრემია ევროკავშირს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ევროპა ჩამოქცევის პირასაა? რა იქნება შემდეგი, ოსკარი ვან რომპოისთვის?”.
ნობელის კომიტეტის განცხადებით, ევროკავშირის დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, ბალკანეთში სტაბილურობის დამყარება, ასევე, დიქტატურული რეჟიმებისგან გათავისუფლებული და ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები: პორტუგალია და ესპანეთი, მიიღეს კავშირში. გასაკვირი ისაა, რომ ნობელის კომიტეტმა ამ კუთხით აღნიშვნის გარეშე დატოვა ამერიკისა და NATO-ს ფაქტორი.
ამერიკის ჯარები ევროპის კონტინენტზე საბჭოთა საფრთხის განეიტრალებამდე იყვნენ. 1947 წლიდან ევროპა მარშალის გეგმის მიხედვით იღებდა ეკონომიკურ დახმარებას. ძლიერი ევროპა შეერთებულ შტატებს საკუთარ პარტნიორად მიაჩნდა „ბოროტების იმპერიასთან” ბრძოლაში და, შესაბამისად, ხელს უწყობდა მის ფეხზე წამოდგომას.
ექვსი დეკადის მანძილზე ევროპის გაერთიანებას მშვიდობის გარანტის როლი არ ეკუთვნის. შიდა დაპირისპირებების შეკავება და მშვიდობიანი თანაარსებობა საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანებამ გამოიწვია. ამის გათვალისწინებით, NATO უფრო მეტად იმსახურებს ამ პრემიას, ვიდრე ევროკავშირი, რადგან ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ერთიანობა თავდაცვის არარსებობის პირო
ბებში შეუძლებელი იქნებოდა. ევროკავშირმა დღემდე ვერ შეძლო ქმედითუნარიანი ერთიანი თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის შექმნა, მისთვის უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტია სწორედ NATO-ა.
სტაბილურობა არა ევროკავშირის მიღწევა, არამედ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის შედეგია, რომელიც ევროკავშირისგან დამოუკიდებლადაც გამოიღებდა შედეგს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ევროპის მშვიდობის მიზეზი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებაა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ომის ალბათობას გამორიცხავს. მეორე ნაწილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ მიუხედავად მაღალი ეკონომიკური თანამშრომლობისა, მაგალითისთვის, 1913-14 წლებში, ევროპამ ომი თავიდან ვერ აიცილა.
ყურადსაღებია ის, რომ მაასტრიხტის ხელშეკრულებამდე, რომლითაც კავშირი ოფიციალურად შეიქმნა, ევროპას უჭირდა არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო უსაფრთხოების შენარჩუნება. უკანასკნელი 60 წელი მშვიდობიანი არ იყო. 1970-იანი წლები ექსტრემისტული მემარცხენე და მემარჯვენე ტერორისტული დაჯგუფებების აღზევების პერიოდია. „წითელი არმიის ფრაქციის” საქმიანობამ გერმანიაში და რადიკალური დაჯგუფებების დაპირისპირებამ იტალიაში სისხლისღვრა გამოიწვია; 2000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტს; დიდი მსხვერპლი მოჰყვა ЕТА-ს აქტივობებს ესპანეთში; რკინის ფარდის ჩამოშლამდე გერმანია ორად იყო გაყოფილი და ევროგაერთიანებაში მხოლოდ დასავლეთი შედიოდა; აღმოსავლეთ ევროპა საბჭოური და ამერიკული დაპირისპირების პოლიგონს წარმოადგენდა; ბერლინის კედლის დარღვევის შემდეგ, 90-იან წლებში, ევროკავშირი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სისხლიანი დაპირისპირების მოწმე გახდა.
უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა უფრო დესტაბილიზაციას იწვევს, ვიდრე მშვიდობას. ევროს შემოღება ბევრი ქვეყნისთვის იყო სავალალო. იმ სურვილით, რომ საერთო ევროპული იდეალებისთვის კარი გაეღოთ, ბევრი დაუფიქრებლად შეუერთდა ევროზონას. ცოტა ხანში კი მათი ეკონომიკა ნაკლებად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა ისეთ გიგანტებთან, როგორიც გერმანიაა და დღეს მათ რეაგირების ეროვნული პლატფორმა აღარ გააჩნიათ.
დღეს ევროპა კვლავ ორადაა გახლეჩილი, დაპირისპირება დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას თუ საფრანგეთსა და გერმანიას შორის აღარ არსებობს, თუმცა ეკონომიკურად მდგრად ჩრდილოეთსა და ნაკლებად განვითარებულ სამხრეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. საბერძნეთში ანგელა მერკელის ვიზიტს პროტესტანტები ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილნი შეხვდნენ. ესპანეთში ბასკები ქვეყნიდან გამოყოფით იმუქრებიან. ბრიტანეთი კვლავ იზოლაციურ პოლიტიკას უბრუნდება.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ნობელის კომიტეტი ერთა ლიგის შექმნას ოვაციებით შეხვდა. ნობელის პრემია მიიღო ფრენკ კელოგმა ბრაინ-კელოგის სამშვიდობო პაქტისთვის, თუმცა კომიტეტის სიხარული ნაადრევი გამოდგა: როგორც ერთა ლიგა, ასევე ბრაინ-კელოგის პაქტი, აბსოლუტური უტოპია იყო. ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამაც დაადასტურა.
ევროკავშირისთვის პრემიის გადაცემა 20 წლის წინ უფრო იქნებოდა აქტუალური. დღეს ეს ორგანიზაცია გამოწვევების წინაშეა, ევროს მომავალი – გაურკვეველი, კონტინენტის ნაწილი რეცესიაშია ჩაძირული, მკაცრი საბიუჯეტო ზომების მიღებას კი მოსახლეობა აპროტესტებს. კომიტეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთა საძმოში” სოლიდარობა იკლებს – ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები ევროკავშირის შედარებით ჩამორჩენილ ნაწილებში რესურსების გადასროლაზე ჩივიან.
ევროკავშირის რომელ ინსტიტუციას (ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს თუ ევროპარლამენტს) გადასცემენ 1.2-მილიონიან პრემიას, ჯერ არ შეთანხმებულა. შექმნილ ვითარებაში ჰენრი კისინჯერის ფრაზა – „ვის დავურეკო, თუ ევროპასთან დაკავშირება მსურს?” – ძალიან აქტუალურია.
The Wall Street Journal-ის მიხედვით, ევროკავშირზე არჩევანის შეჩერებით ნობელის კომიტეტი კონტრავერსიულ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იმეორებს, როგორიც იყო პრემიის გადაცემა ბარაკ ობამასთვის 2009 წელს. ნობელის კომიტეტმა, როგორც ბარაკ ობამას შემთხვევაში, ასევე წლევანდელი ლაურეატის შერჩევისას, წარსულის მიღწევების მაგივრად მომავლის გეგმებით იხელმძღვანელა, მოუწოდა რა ევროკავშირს, თავიდან აიცილოს გაერთიანების შესაძლო ეროზია.
ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცემათ მათ, ვინც შეძლო და ხელი შეუწყო „ერებს შორის ძმობას, არსებული ჯარების გაუქმებას, შემცირებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ხელშეწყობას”. ამის გათვალისწინებით ალფრედ ნობელი ალბათ გაკვირვებული დარჩებოდა, როდესაც ჰენრი კისინჯერმა და ლე დუკ ტომ ვიეტნამის ომის დასრულებისთვის მიიღეს პრემია, რასაც კიდევ უფრო მეტი ძალადობა და სამხრეთ ვიეტნამის დაცემა მოჰყვა. გვატემალელი რიგობერტა მენჩუ „სოციალური სამართლიანობისთვის” გახდა პრემიის ლაურეატი, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მან თავისი ისტორია გააყალბა. ალ გორმა და კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელმა 2007 წელს გაინაწილეს პრემია და ეს ბევრის კრიტიკის საბაბი გახდა, ვინაიდან საერთოდ არ უკავშირდებოდა მშვიდობას. 1945 წელს პრემია მიიღო კორდელ ჰალმა, რომელიც ფრანკლინ დელანო რუზველტის კაბინეტში სახელმწიფო მდივანი მაშინ იყო, როდესაც სენტ ლუისის კრიზისის დროს თავშესაფრის მაძებარი 950 ებრაელი საკუთარი გემით უკან გააბრუნეს გერმანიაში. ბევრი მათგანი ჰოლოკოს
ტის შედეგად დაიღუპა.
ნობელის კომიტეტის განცხადებით, ევროპა „ომების კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად გადაიქცა”. როგორც Foreign Policy წერს, ეს მხოლოდ ნაწილობრივადაა მართალი. მაშინ, როდესაც თავად კავშირი შედარებით მშვიდობიანი იყო, მის გარეთ დარჩენილ ევროპაში, მათ შორის დნესტრისპირეთში, ყარაბაღში, ჩეჩნეთსა და საქართველოში ეთნიკური წმენდა, გენოციდი და სამხედრო დაპირისპირებები მიმდინარეობდა.
ევროკავშირის წინაშე დღეს ისევ დგას ექსტრემიზმის, რასიზმის, ნაციონალიზმის საფრთხეები. ბევრი რადიკალური პარტია ევროკავშირს ეროვნული იდენტობის მიმართ საფრთხედ მიიჩნევს. მშვიდობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „დეინტეგრაციის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს”. ევროკავშირს მომავალში მოუწევს წარმოშობილი სირთულეების დაძლევა და ამისთვის მეტად კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკაა საჭირო. თუმცა ხშირ შემთხვევაში raison d'etat საერთო ევროპულ ინტერესებს წონის.