ყურბან-ბაირამი

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

მუსლიმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყურბან-ბაირამობას აღნიშნავენ, რომელიც წინასწარმეტყველ აბრაჰამის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. მუსლიმურ სამყაროში ეს ისეთივე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, როგორც ქრისტიანებისთვის აღდგომა. ყურბან-ბაირამის აღსანიშნავად მექაში მილიონობით მუსლიმი ჩადის. ბათუმის მეჩეთში საზეიმო ლოცვა საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ჯემალ პაქსაძემ ჩაატარა. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემაც მიულოცა.
დღესასწაული ბიბლიურ სიუჟეტს უკავშირდება, სადაც აბრაამი თავისი შვილის ისააკის ღმერთისთვის შეწირვას ცდილობს. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, ისააკის ადგილი ისმაილს აქვს დაკავებული. ღმერთმა დაუფასა აბრაამს ერთგულება და მსხვერპლშეწირვისას ისმაილი ცხვრით შეცვალა. 
მუსლიმები დღესასწაულის აღნიშვნას დილით იწყებენ. საზეიმოდ გამოწყობილი მორწმუნეები ლოცვის შემდეგ სახლში ბრუნდებიან და ალაჰის სადიდებლად გართობას იწყებენ, ამის შემდეგ სასაფლაოებზე მიდიან და ლოცულობენ გარდაცვლილთა სულებისთვის. დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები საკლავთან არის დაკავშირებული. დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

ყურბან-ბაირამობას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ისლამური თეოლოგიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტებს არ მისცეს რელიგიით მანიპულირების საშუალება. კაცობრიობის უმთავრესი მტრის, ტერორიზმის გასანადგურებლად, მუსლიმები ხშირად იხსენებენ იიდ-ალ ადჰას დღესასწაულის ნამდვილ მნიშვნელობას – სადაც ღმერთი უარს ამბობს მისი მორჩილების ნიშნად ადამიანის მსხვერპლად შეწირვაზე.

კომენტარები