შსს

შსს ნაციონალური მოძრაობის საპასუხო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც შს მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილეებზე იყო საუბარი.  შსს-მ საპასუხოდ განცხადება გაავრცელა.

,,თავშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან დებატებში ან რაიმე სახის პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლას. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის უწყების ფუნქცია და უწყებას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. განცხადება, რომელსაც ახლა გთავაზობთ, მხოლოდ და მხოლოდ ახლად დანიშნული თანამდებობის პირებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და საზოგადოების სწორად ინფორმირებას ემსახურება. ამ მიზნით ვაქვეყნებთ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეთერში გავიდა 2009 წლის 15 აპრილს. აღნიშნულ მასალაში ინტერვიუს ავტორი ვარვარა პროხომენკო თავად ადასტურებს, რომ არასწორად გადმოსცა რესპონდენტის აზრი. რაც შეეხება სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმს“, 2002-2003 წლებში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მართლაც აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს, ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმთან“ დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული რამდენიმე დანაშაულში მხილებული პირი“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დღეს, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ შს მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილეების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ორგანიზებული დანაშაულის წევრები იყვნენ ჩართული.

როგორც ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შს მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებდა 2003 წელს ჭიათურმანგანუმის გახმაურებულ საქმეში და მასვე ეკუთვნის ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“.

შეგახსენებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ად­გი­ლე­ე­ბი 30 ოქტომბერს წა­რად­გი­ნა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი ოთ­ხი მო­ად­გი­ლის პოს­ტი ლე­ვან იზო­რიამ, გე­ლა ხვე­დე­ლი­ძემ, ალე­კო ტა­ბა­ტა­ძემ და ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლმა დაიკავეს.

კომენტარები