აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა იტერა-საქართველო იყიდა და ერთადერთ გაზგამანაწილებელ კომპანიად იქცა საქართველოში, თბილისის გარდა. იტერა-საქართველო საერთაშორისო კომპანიის ნაწილია და საქართველოში ის 170,000-მდე აბონენტს აწვდიდა გაზს.
Socar-ის ხელმძღვანელობის თქმით, კომპანიის ფასი დიდი არ იყო, თუმცა კონკრეტულად რა გადაიხადა იტერა-საქართველოში, არ ასახელებს. აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 2008 წელს 22 გაზგამანაწილებელი კომპანია შეიძინა.
Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს ფაქტი კომპანიის პოზიციას საქართველოში არ შეცვლის.
აბდულაევის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი პრემიერმინისტრს შეხვდა და ის დიდად აფასებს Socar-ის ინვესტიციებს საქართველოში.