გიორგი ბარამიძე

ბარამიძე კბილაშვილს ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მმართველ გუნდს ოპონენტების მიმართ დაუფარავ მუქარასა და პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს. ეს განცხადება ბარამიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ოფისში გააკეთა. ბარამიძე არჩილ კბილაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით,  კბილაშვილი ინტერვიუში, რომელიც  გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა და სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, მათ შორის პირადად მისი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დადგომაზეა საუბარი, ფაქტობრივად, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და არის ცილისმწამებელი კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ახალი მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. 

"სამწუხაროა, რომ ნაცვლად კონსტრუქციული ურთიერთობისა და დიალოგისა, რისთვისაც მზადყოფნა საჯაროდ გამოვთქვით, ახალმა მთავრობამ ოპოზიციასთან ურთიერთობის ენად სწორედ ბრალდებები აირჩია. ნათელია, რომ ამ ტყუილებისა და მუქარების მიზანია ოპოზიციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დისკრიმინაცია და დაშინება. ეს არის ოპონენტის პოლიტიკური დევნა, რაც ქვეყნის დემოკრატიულ და ნორმალურ განვითარებას აზიანებს", - აცხადებს გიორგი ბარამიძე. 

ბარამიძის თქმით, ის არ აპირებს გახდეს მორჩილი ოპოზიცია და შეწყვიტოს მთავრობის ოპონირება, მწვავე კრიტიკა. 

 

კომენტარები