მერიის განცხადება

თბილისის მერია შსს-ს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება

თბილისის მერია გამოეხმაურა შპს ჰერმესის ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლის საუბრის აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, კერძოდ, ჩანაწერების ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას.

ტაბულა მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, თბილისის მერიამ შპს ჰერმესის ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლის საუბრის შესახებ, აუდიო მასალა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, რომ შპს ჰერმესის საქმიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება იგეგმებოდა. 

თბილისის მერიამ აღნიშნული მასალა, გამოძიების მიზნით, საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა. ჩვენ მიზანს წარმოადგენდა დავხმარებოდით სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებაში და ამასთანავე არ მომხდარიყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რასაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყოლოდა. ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაკეთდა განცხადება, არა, როგორც აპოლიტიკური ორგანოსგან, არამედ როგორც პოლიტიკური პარტიისგან,  რომ არაფერი ვთქვათ დილეტანტობასა და უზუსტობებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არა თუ საქმით, სიტყვითაც ვეღარ იკავებს თავს და აღარ მალავს, რომ მის ერთადერთ ინტერესს, არა სიმართლის დადგენა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესის გატარება და დაცვა წარმოადგენს“ - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერია იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა მეტი გულისხმიერებით მოეკიდება საკითხს, რათა დადგინდეს სიმართლე საზოგადოებისთვის ამ მეტად სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები